მიულერი გაბრაზებულია: “ამ გადაწყვეტილების შინაარსი ვერ გავიგე” (ვიდეო)
მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი, ტომას მიულერი გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოაჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
როგორც იცით, იოაჰიმ ლიოვმა ტომას მიულერი (29 წლის), მატს ჰუმელსი (30 წლის) და ჟერომ ბოატენგი (30 წლის) ნაკრებიდან სამუდამოდ გაუშვა. ფეხბურთელებმა ამის შესახებ გუშინ თავად მწვრთნელისაგან გაიგეს. ლიოვის თქმით, მას აქცენტის გაკეთება უფრო ახალგაზრდა მოთამაშეებზე სურს.
მიულერმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამ ამბავთან დაკავშირებით საუბრობს.
“რა თქმა უნდა, მწვრთნელის გადაწყვეტილებამ გამაკვირვა. ნაკრების თავკაცმა სპორტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ამ საკითხზე პრობლემაც არ გამაჩნია. თუმცა, რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო მეტად ვბრაზდებ იმაზე, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მე ამ გადაწყვეტილების შინაარსი ვერ გავიგე.
მატსს, ჟერომსა და მე უმაღლეს სანაკრებო დონეზე თამაში კვლავაც შეგვიძლია. ჩვენ წარმატებული სანაკრებო კარიერა გვქონდა. ვფიქრობ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია არასწორად მოიქცა, როცა განცხადება მაშინვე გამოაქვეყნა, როგორც კი ჩვენ მწვრთნელისაგან ამ გადაწყვეტილების შესახებ გავიგეთ. ამას დაფასებასთან და მადლობასთან საერთო არაფერი აქვს.
მე ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ გერმანიის ნაკრების მაისური მეცვა, ბოლომდე ვიხარჯებოდი. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისათვის”, – აცხადებს მიულერი.