მხითარიანის წერილი – ზიდანი, კაკა და ჰამლეტი

თარიღი: იანვარი 30, 2017

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევ ნახევარმცველზე, ჰენრიხ მხითარიანზე ბევრი დაწერილა. მან კარიერა სომხურ “პიუნიკში” დაიწყო, საიდანაც უკრაინაში გადაბარგდა, უკრაინიდან გერმანიას მიაშურა, ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში თამაშობს.

რამდენიმე თვის წინ მხითარიანის წერილი გამოქვეყნდა, სადაც ის თავის განვლილ ცხოვრებაზე დეტალურად საუბრობს. მხითარიანი წერილში თავის ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით, მამას, ჰამლეტ მხითარიანს ხშირად ახსენებს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ მხითარიანის წერილის ქართულ თარგმანს.


ზიდანი, კაკა და ჰამლეტი


ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოგონება მამაჩემს, ჰამლეტს უკავშირდება, რომელმაც სავარჯიშოდ საფრანგეთში, თავის კლუბში მიმიყვანა. მაშინ ხუთი წლის ვიყავი. მამაჩემი 80-იან წლებში, სანამ დავიბადებოდი, ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. ის დაბალი, მაგრამ ძალიან სწრაფი თავდამსხმელი იყო.

1989 წელს, როცა ახალი დაბადებული ვიყავი, სომხეთში არეულობა იყო, ამიტომ საფრანგეთში გადავბარგდით. მამაჩემი ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთის მეორე დივიზიონის კლუბის, “ვალენსის” ღირსებას იცავდა. ყოველ დილით, როცა ის ვარჯიშზე მიდიოდა, მე ვტიროდი: “მამა, შენთან ერთად წამიყვანე. გთხოვ, შენთან ერთად წამოვალ!”

მაშინ ფეხბურთით დაინტერესებული ნაკლებად ვიყავი, უბრალოდ, მამაჩემთან ერთად ყოფნა მინდოდა. მამას ჩემი ბაზაზე წაყვანა არ სურდა, რადგან ვარჯიშის დროს ჩემზე ფიქრი მოუწევდა, ამიტომ მან ჩემს მოსატყუებლად ჭკვიანური რამ მოიფიქრა.

ერთ დილას, ვთქვი: “მამა, ვარჯიშზე წამიყვანე.”
მან მიპასუხა: “არა, არა. ჰენრიხ, დღეს ვარჯიში არ გვაქვს. მე სუპერმარკეტში მივდივარ და მალე დავბრუნდები.”

ის სავარჯიშოდ გაიპარა, მე კი ველოდებოდი… რამდენიმე საათის შემდეგ, იგი სახლში სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტით არ დაბრუნებულა. ტირილი დავიწყე: “შენ მე მომატყუე! სუპერმარკეტში არ წასულხარ! ფეხბურთის სათამაშოდ იყავი!”

hamlet-mkhit

მამაჩემთან ერთად გატარებული დრო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ხანმოკლე გამოდგა. ექვსი წლის ვიყავი, როცა მშობლებმა მითხრეს, რომ სომხეთში ვბრუნდებოდით. ნამდვილად ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა. მამაჩემმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება, ის მთელი დღეები სახლში იყო.

მართალია, არ ვიცოდი, მაგრამ მამაჩემს ტვინის სიმსივნე ჰქონდა. ყველაფერი სწრაფად მოხდა. ერთ წელში, მან დაგვტოვა. მე ძალიან პატარა ვიყავი და მისი გარდაცვალება მთლიანად ვერ გავიაზრე.

მახსოვს, როგორ ტიროდნენ დედაჩემი და ჩემი და. მათ ვეკითხებოდი: “სად არის მამა?” თუმცა, ვერავინ მიხსნიდა, რა ხდებოდა.

გარკვეული დროის გასვლით შემდეგ, მათ მითხრეს, რაც მოხდა. მახსოვს დედაჩემის სიტყვები: “ჰენრიხ, ის ჩვენთან აღარასოდეს დაბრუნდება.”

ვფიქრობდი, “აღარასოდეს?” ეს ძალიან დიდი დროა, მე კი მხოლოდ შვიდი წლის ვიყავი.

ბევრი ვიდეოფირი გვქონდა, რომლებშიც საფრანგეთში მამაჩემის თამაში იყო აღბეჭდილი. ამ ვიდეოებს ხშირად ვუყურებდი – კვირაში ორჯერ ან სამჯერ. როდესაც კამერა მამას აფიქსირებდა, ძალიან მიხაროდა. ის გოლს ყოველთვის თანაგუნდელებთან ჩახუტებით აღნიშნავდა.

mkhitaryan mother

მამაჩემის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ფეხბურთზე სიარული დავიწყე. მამა ჩემი კერპი იყო. ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ მის მსგავსად უნდა მერბინა და დამერტყა.

ათი წლის ასაკში, ფეხბურთი უკვე ჩემი ცხოვრება იყო. ვვარჯიშობდი, ვკითხულობდი, ვუყურებდი და ფლეისთეიშენზეც ფეხბურთს ვთამაშობდი. მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. შემქმნელი ფეხბურთელები განსაკუთრებით მომწონდა. ყოველთვის მინდოდა ზიდანის, კაკასა და ჰამლეტის მსგავსად მეთამაშა.

დედაჩემი დედაც უნდა ყოფილიყო და მამაც, რაც ცხადია, ძალიან რთულია. ის ყოველთვის ჩემთან უნდა ყოფილიყო. ყოფილა ისეთი დღეებიც, როცა ვარჯიშიდან მოვსულვარ და მითქვამს: “ძალიან მიჭირს, ფეხბურთი უნდა მივატოვო.”

დედაჩემი მეუბნებოდა: “არ უნდა მიატოვო. ვარჯიში გააგრძელე და ხვალ უკეთესად გამოგივა.”

მამის გარდაცვალების შემდეგ, დედას ოჯახი უნდა ერჩინა – მან სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში დაიწყო მუშაობა.

მალე სომხეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამომიძახეს. თუ მოედანზე უარყოფით ემოციას გამოვხატავდი, დედა მეტყოდა: “ჰენრიხ! რას აკეთებ? უფრო მშვიდი უნდა იყო, თორემ სამსახურში პრობლემები შემექმნება!”

მე ვპასუხობდი: “მაგრამ, დედა, ისინი ფეხში მირტყამენ!”
დედა: “არა, არა, არა. უფრო მშვიდი უნდა იყო!”

რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედაჩემი და ჩემი და ყოველთვის ჩემთან ერთად იყვნენ. თუმცა, მათ ბრაზილიაში მარტო მაინც გამიშვეს, მაშინ 13 წლის ვიყავი და “სან პაულუში” ოთხი თვით უნდა მევარჯიშა. ეს, ალბათ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო. მე პატარა სომეხი ბავშვი ვიყავი, რომელმაც პორტუგალიური ენა არ იცოდა. თუმცა, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან საფეხბურთო სამოთხეში მივდიოდი.

ვოცნებობდი, კაკას მსგავსი ფეხბურთელი გამოვსულიყავი. სანამ ბრაზილიაში წავიდოდი, ორი თვის განმავლობაში პორტუგალიურ ენას ვსწავლობდი, მაგრამ როცა იქ ჩავედი, მივხვდი, რომ სწავლა სხვა რამ იყო და ადამიანებთან საუბარი – სხვა.

childhood

ბრაზილიაში ორ სომეხ ფეხბურთელთან ერთად გავემგზავრე. როცა ჩვენს ოთახში პირველად შევედით, აღმოვაჩინეთ, რომ იქ ჩვენთან ერთად ერთ ბრაზილიელსაც უნდა ეცხოვრა. ისიც ჩემსავით სუსტი იყო და მუქი თმა ჰქონდა.

მოგვესალმა და გვითხრა: “Bom dia! Meu nome é Hernanes.” (“დილა მშვიდობისა! ჩემი სახელია ერნანეში)

თავიდან, ეს ბავშვი ძალიან უცნაური ჩანდა. ის ის ერნანეში იყო, რომელიც ახლა “იუვენტუსში” თამაშობს.

ჩვენ ბაზაზე ვცხოვრობდით. ერთად ვჭამდით, ერთად ვვარჯიშობდით და ერთად ვერთობოდით. ფლეისთეიშენი არ გვქონდა, ოთახში მხოლოდ ტელევიზორი გვედგა, სადაც ყველაფერი პორტუგალიურ ენაზე იყო. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან მიჭირდა, რადგან სხვა ბრაზილიელ ფეხბურთელებთან ვერ ვსაუბრობდი. ისინი რაღაცას მეუბნებოდნენ და მიღიმოდნენ. ბრაზილიელებს მართლაც შესანიშნავი ხასიათი აქვთ. ამის აღწერა რთულია, რადგან მათი სითბო პირადად უნდა იგრძნო.

საბედნიეროდ, ყველას ერთი საერთო – ფეხბურთის ენა გვქონდა. ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაციას მოედანზე შემოქმედებით ვამყარებდით. მახსოვს, ერთ დღეს, ვარჯიშზე რამდენიმე გოლი გავიტანე და გავიფიქრე: “მე სომეხი ბავშვი ვარ, რომელსაც ბრაზილიაში გოლები გააქვს.” თავი ვარსკვლავი მეგონა.

მათი კულუტურით დაინტერესებული ვიყავი. ისინი განსხვავებულები არიან. მაგალითად, 45 წუთს ვივარჯიშებდით, შემდეგ 15 წუთის მანძილზე ხილი უნდა გვეჭამა და წვენი დაგველია, ამის შემდეგ ისევ 45 წუთის განმავლობაში ვვარჯიშობდით. სომხეთში ფიზიკურ ვარჯიშებს ანიჭებდნენ უპირატესობას, ბრაზილიაში კი ყოველთვის ბურთთან ერთად გვავარჯიშებდნენ.

თუ ბავშვებს ბურთი არ ჰქონდათ, ისინი ბურთს წინდებით აკეთებდნენ და ისე თამაშობდნენ.

დედა ხშირად, ყოველდღე მირეკავდა. ბაზაზე მხოლოდ ერთი ტელეფონი გვქონდა, რომელიც საერთაშორისო ზარებს ემსახურებოდა და ისიც დირექტორის ოფისში იდგა. ყოველ დილით, დირექტორის ასისტენტი მოედანთან მორბოდა და მეუბნებოდა: “დედაშენი გირეკავს.”

ამის გამო, მოედნიდან უნდა გავქცეულიყავი და დედასთვის მეთქვა, რომ მოგვიანებით დაერეკა.

– როგორ ხარ? რას მიირთმევ? კარგად იკვებები?
– დედა, უნდა ვივარჯიშო, ორშაბათს დამირეკე!

რამდენიმე თვის შემდეგ, პორტუგალიურად კარგად საუბარი შემეძლო. ერნანეშს სომხური ანბანიც ვასწავლე. ფლეისთეიშენის გარეშეც კარგად ვერთობოდით.

ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბრაზილიამ ჩემი სტილის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. როცა სომხეთში დავბრუნდი, ისევ სუსტი ვიყავი, მაგრამ ტექნიკა დახვეწილი მქონდა და ბევრ ფინტს ვაკეთებდი. მოედანზე თავს თავისუფლად ვგრძნობდი. თავი სომეხი რონალდინიო მეგონა. (ვხუმრობ.) ამ დროს უკვე სამი ენა ვიცოდი – სომხური, ფრანგული და პორტუგალიური. ეს პრობლემაც იყო, რადგან ხშირად სიტყვები ერთმანეთში მერეოდა.

წინადადების ნახევარს სომხურად ვამბობდი, ნახევარს – პორტუგალიურად. (ახლაც ასეა, ნახევარს სომხურად ვამბობ, ნახევარს ინგლისურად, ამიტომ თუ რამე შემეშლება, მომიტევეთ.)

GettyImages-104897260

20 წლის ასაკში დონეცკის “მეტალურგში” გადავედი და უკრაინული და რუსულიც ვისწავლე. ორი წლის შემდეგ “შახტარის” წევრი გავხდი. ბევრი ამბობდა, რომ იქ გამიჭირდებოდა, რადგან გუნდში 12 ბრაზილიელი ფეხბურთელი თამაშობდა.

მე არაფერს ვამბობდი, ჩემთვის ვიცინოდი. ვფიქრობდი, რომ ნახევრად ბრაზილიელი ვიყავი. რა თმა უნდა, “შახტარში” ჩემს თანაგუნდელებთან დიდებული ურთიერთობა მქონდა, ამ კლუბში სამი ბრწყინვალე წელი გავატარე. 2013 წელს, უკრაინის პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რეკორდი დავამყარე და ის ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ გუნდში თავის დამკვიდრება გამიჭირდებოდა, გაჩუმდნენ.

სეზონის დასრულების შემდეგ, დორტმუნდის “ბორუსიამ” წინადადებით მომმართა. ამავე დროს, დონეცკში ომი დაიწყო, “შახტარის” სტადიონს კი ვეღარ ვიყენებდით.

გერმანიაში გადავბარგდი, სადაც კიდევ ერთი ახალი ენა ვისწავლე, ასევე, ახალ, განსხვავებულ კულტურასთან და ატმოსფეროსთან შეგუება მომიწია.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. პირველი სეზონი კარგად ჩავატარე, მაგრამ მეორე სეზონი კატასტროფა იყო. ბევრი შეხვედრა წავაგეთ, მე კი არ მიმართლებდა. გარდა იმისა, რომ გოლები ვერ გამქონდა, საგოლე პასებსაც ვერ ვაკეთებდი, რაც წარმოუდგენელი იყო. ჩემში დიდი თანხა გადაიხადეს, რაც წნეხი იყო.

ჩემს ოთახში მარტო ვიჯექი – ვფიქრობდი და ვფიქრობდი. გარეთ გასვლა არ მინდოდა, საუზმეც კი არ მსურდა. თუმცა, მესამე სეზონის დაწყებამდე, გუნდში ახალი მწვრთნელი, ტომას ტუხელი მოვიდა, მან ყველაფერი შეცვალა.

მოვიდა და მითხრა: “მინდა, ყველაფერი შენს გარშემო მოვაწყო.”

ცოტათი გამეღიმა, რადგან ვფიქრობდი, რომ ის მხოლოდ ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. მის სიტყვებში ეჭვი მეპარებოდა. თუმცა, მან სერიოზული სახით შემომხედა: “მიკი, დიდებული სეზონი გექნება.”

ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ისეთი სეზონის მერე, როგორიც მე ჩავატარე, ვარსკვლავობაზე ვერ ვიფიქრებდი. თუმცა, მან ეს შეძლო. მე კიდევ ერთხელ გავიხარე. ბრაზილიელებისგან ვისწავლე, რომ როცა მოწყენილი ხარ, იღბალიც არ მოდის, ხოლო როცა მხირულად ხარ, მოედანზე ბევრი კარგი რამ ხდება. ის სეზონი ძალიან მოტივირებულებმა ჩავატარეთ. ბრწყინვალედ ვთამაშობდით, სუპერ-შემტევი სტილი გვქონდა და მოედანზე გატარებული თითოეული წუთით დიდ სიამოვნებას ვიღებდით.

ძირითადად, ორი მცველით, სამი ნახევარმცველითა და ხუთი თავდამსხმელით ვთამაშობდით – წარმატებას მივაღწიეთ. მაშინაც კი, როცა ვმარცხდებოდით, ვიღიმოდით.

mxitarishe

 

გასულ ზაფხულს, აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი შეძენა “მანჩესტერ იუანიტედს სურდა. ამან გამაკვირვა.

– მართლა? ჭორი ხომ არ არის?

როცა ოცნების ასრულება ძალიან ახლოსაა, ამას კარგად მაინც ვერ გრძნობ. რამდენიმე დღის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” დირექტორმა, ედ ვუდვარდმა დამირეკა. წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული ვიყავი.

იმ დროს, როცა აგენტი და კლუბი ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავდნენ, მე ყველაფერი კარგად გავაანალიზე. ვიცოდი, რომ “ბორუსიას” მაშინ ვტოვებდი, როცა საქმე კარგად მიმდიოდა, “იუნაიტედში” გადასვლით კი, წინ კიდევ ბევრი გამოწვევა მელოდა. თუმცა, სიბერეში სავარძელში მოთავსება და რაიმეს სინანული არ მსურდა, ამიტომ ინგლისში გადასაბარგებლად მოვემზადე.

როცა შეთანხმება შედგა და კონტრაქტს ხელს ვაწერდი, მივხვდი, რომ პრემიერ ლიგაში მართლა უნდა მეთამაშა და ეს რეალობა იყო. არასოდეს დამავიწყდება ის მომენტი, როცა ვარჯიშზე “მანჩესტერ იუანიტედის” მაისური პირველად მოვირგე.

“იუნაიტედში” ჩატარებულ ვარჯიშზე ტრავმა მივიღე, რის გამოც სათამაშო პრაქტიკა მაკლდა. სიმართლე უნდა ვთქვა – ჩემი მანჩესტერული კარიერის დასაწყისი ისეთი არ იყო, როგორიც მსურდა. თუმცა, არასოდეს ვნებდები.

თუ დედაჩემს და ჩემს დას ჩემს შესახებ ჰკითხავთ, ისინი გეტყვიან, რომ მე ძალიან სერიოზული ბიჭი ვარ და რთული ხასიათი მაქვს. თუმცა, მოხარული ვარ იმით, რომ შრომა დამიფასდა. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში მოხვედრა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო.

“ოლდ ტრაფორდის” მოედანი მხოლოდ მოედანი არ არის. ეს გარკვეული დონეა. მამაჩემს, რომ ამ დონეზე მოთამაშე ვენახე, ვფიქრობ, ის ჩემით ძალიან იამაყებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა ცოცხალი არ არის, მაინც მიმაჩნია, რომ მაინც ძალიან დამეხმარა.

მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო, არ არის გამორიცხული ადვოკატი ან ექიმი ვყოფილიყავი.

შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ ტელევიზორში ჩემს თავს არასოდეს ვუყურებ, რადგან მატჩების გამეორების დროს მხოლოდ შეცდომებს ვამჩნევ. მამაჩემისაგან განსხვავებული სათამაშო სტილი მაქვს. ის სწრაფი თავდამსხმელი იყო, რომელიც ძლიერად ურტყამდა. თუმცა, როცა სომხეთში ჩავდივარ, მეუბნებიან, რომ ზუსტად მამაჩემის მსგავსად დავრბივარ.

– ჰენრიხ, შენ მას გავხარ, მის მსგავსად დარბიხარ. როცა შენ გიყურებ, ჰამლეტი მახსენდება.

სირბილის შესახებ ჩემი მოსაზრება არ მაქვს, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს მატჩებს არასოდეს ვუყურებ.

ჰენრიხ მხითარიანი
ნოემბერი, 2016 წელი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საქართველოს ფუტსალის ნაკრები გერმანიაში ამხანაგურ მატჩებს გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი მომავალ კვირას გერამნიაში ორ ამხანაგურ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კოლხეთს” პრობლემები არ ელევა – ტრიბუნალმა გუნდს სანქცია დაუმატა

19 სექტემბერს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის სხდომა შედგა, რომელმაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ფოთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპმა “ამაზონს” “ლივერპულზე” სერიალის გადაღების უფლება არ მისცა

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail ადასტურებს ინფორმაციას, რომ “ლივერპულმა” “ამაზონს” დოკუმენტური სერიალის გადაღებაზე უა...
წაკითხვა
ფეხბურთი

აი, რა შეუძლია დემიდოვს ! – “კოლხეთმა” მე-12 ტურის შემდეგ პირველად მოიგო

ფოთის “კოლხეთმა” ეროვნული ლიგის 25-ე ტურში თბილისის “ლოკომოტივი” 1-0 დაამარცხა. დიახ, არ გეჩვენებათ, “კოლხეთმა” გა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გოლი დასახელდა (ვიდეო)

მილანის “ინტერის” თავდამსხმელის, მაურო იკარდის მიერ “ტოტენჰემის” კარში გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: სერხიო აგუერომ “მანჩესტერ სიტისთან” გაახანგრძლივა

“მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო კუნ აგუერომ კლუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკე ახალი საჩოგბურთო ტურნირის ორგანიზებას გეგმავს

საინვესტიციო კომპანია Kosmos,რომლის სათავეშიც “ბარსელონას” ესპანელი მცველი ჯერარ პიკე დგას, ახალი საჩოგბურთო ტურნირის ორგანიზებას გეგმავს....
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიაგუ სილვამ, შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენი” დატოვოს

ფრანგული გამოცემა Le10sport-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, “პარი სენ-ჟერმენი” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ,...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაურიციო სარი: “თვითდაჯერებულობის დასაბრუნებლად მორატას ორი-სამი გოლი სჭირდება”

“პაოკთან”, საბერთძნეთში მოგებული მატჩის შემდეგ, ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა პრესასთან ისაუბრა. მაურიციო სარიმ თამაში...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს თასის 1/4 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია

21 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 29-ე გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 25-ე ტურის პრევიუ: ყველაფერი, თუ ქართული ფეხბურთი გიყვარს

ეროვნული ლიგის 25-ე ტურს დღეს 16:00 საათზე ფოთის “კოლხეთისა” და “ლოკომოტივის” დაპირისპირება გახსნის. ზეგ 3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართული ლეგიონი ევროპა ლიგაზე: ვინც განაცხადში ხვდება, თამაშობს

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრები ქართული ლეგიონისთვის, შესაძლოა, მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგა. გასაოცარი გამარჯვება მოიპოვა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსის” დირექტორმა საბერძნეთში ჩასულ ფანებს ჩიფსები დაურიგა (ფოტო)

20 სექტემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ლონდონის “ჩელსი” საბერძნეთში “პაოკს” ეწვია. მატჩი საკმაოდ დაძაბული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემრე ჯანმა ბოდიში მოიხადა: “არ მინდოდა ჩემი სიტყვებით ქალებისთვის შეურაცხყოფა მიყენე

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ემრე ჯანმა “ვალენსიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარისთვის ბოდიში მოიხადა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკ კლატენბურგი რონალდუს ეპიზოდზე: ფელიქს ბრიხმა შეცდომა დაუშვა

“ვალენსიასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში (0-2) ფელიქს ბრიხმა კრიშტიანუ რონალდუ არასპორტული საქციელის გამო [&h...
წაკითხვა