მნიშვნელოვანი დღე – უეფას 2015 წლის სუპერთასის ხელშეკრულებები გაფორმებულია
დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა უეფას 2015 წლის სუპერთასის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია. ამით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართული მხარის ჩართულობა და პასუხისმგებლობა უეფას ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე.
ღონისძიების მასპინძელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გახლდათ და მას ბევრი მაღალი რანგის საპატიო სტუმარი ესწრებოდა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი –ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი – რევაზ არველაძე; ქალაქ თბილისის მერი – დავით ნარმანია და მერიის წარმომადგენლები; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე; თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები.
გაფორმდა სამმხრივი და ორმხრივი ხელშეკრულებები.
ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი – რევაზ არველაძე უძღვებოდა. თავდაპირველად, ზვიად სიჭინავამ, დავით ნარმანიამ და „დინამო არენას“ დირექტორმა – ნიკოლოზ ჯღარკავამ გააფორმეს სამმხრივი ხელშეკრულება; შემდეგ კი, სფფ-ის პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა ორმხრივი ხელმოწერით დაადასტურეს თანამშრომლობა და პარტნიორობა.
ზვიად სიჭინავა (სფფ-ის პრეზიდენტი): „მიხარია, რომ დღეს ყველა შევიკრიბეთ და მნიშვნელოვანი მემორანდუმი გავაფორმეთ სუპერთასი 2015-ის წარმატებით ჩასატარებლად. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა როგორც ჩვენი ფედერაციისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი დედაქალაქისა და მთლიანად ქვეყნისათვის. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ პროექტის განსახორციელებლად მუშაობს და იმედი მაქვს, საუკეთესო მასპინძლობასა და ორგანიზებას გავუწევთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას.“
სფფ-ის პრესსამსახური