მოდრიჩი “ინტერში” გადასვლას დასთანხმდა
მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მილანის “ინტერს” სულ უფრო უახლოვდება.
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ ხორვატი ფეხბურთელი “ნერაძურიში” გადასვლას დასთანხმდა. წყაროს თანახმად, იტალიური კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ მოდრიჩის მეუღლესა და აგენტს. მხარეებმა ტრანსფერის დეტალები განიხილეს.
როგორც მოგეხსენებათ, მილანის “ინტერში” სერიოზულმა ხორვატულმა დიასპორამ მოიყარა თავი. გუნდში ივან პერიშიჩსა და მარცელო ბროზოვიჩს შიმე ვრსალკო დაემატა და მოდრიჩის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, “ნერაძურის” ხორვატიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე ეყოლება.
ლუკა მოდრიჩსა და “რეალს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს. “სამეფო კლუბს” ხორვატი ნახევარმცველის დათმობა არ სურს.
შესაძლო ტრანსფერის კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ფინანსური ფეარ-პლეი გახლავთ. “ინტერმა” მიმდინარე ზაფხულს რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი უკვე განახორციელა.