მოდრიჩი: “წელს “რეალის” პრიორიტეტი პრიმერაა”
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში “სამეფო კლუბის” პრიორიტეტი ესპანეთის პრიმერადივიზიონი იქნება.
“რეალი” ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ყოველთვის აკეთებს აქცენტს, მაგრამ დიდი ხანია ესპანეთის ჩემპიონები არ გავმხდარვართ. ამიტომ, წელს ჩვენი პრიორიტეტი პრიმერადივიზიონი იქნება. ყველა ტურნირზე გვინდა გამარჯვება, მაგრამ ამ სეზონში მთავარ მიზნად ესპანეთის ჩემპიონატის მოგება დავისახეთ.
“რეალში” ოთხი წელია ვთამაშობ და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდმა საუკეთესო შემადგენლობა სწორედ წელს შეკრიბა. თითოეულ პოზიციაზე ორი-სამი ფეხბურთელი გვყავს, გუნდში დიდი კონკურენციაა. ტრანსფერების აკრძალვაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ახალი ფეხბურთელების გარეშეც უნდა შევძლოთ შედეგების ჩვენება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
მინდა, რომ კარიერა “რეალში” დავასრულო. ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ტიტულებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ”, – მოდრიჩის კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალი” ესპანეთის პრიმერადივიზიონის გამარჯვებული ბოლოს 2012 წელს გახდა.