მოიესი: „ეს ევროპაში ჩატარებული ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი იყო“
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ პირეოსში „ოლიმპიაკოსს“ ეწვია და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ ევროსარბიელზე ეს მისი გუნდის ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო.
„ეს ევროპაში ჩვენი ყველაზე ცუდი გამოსვლა იყო. არაფერს არ ვიმსახურებთ. გაკვირვებული ვარ. ვერ ვხედავ, რომ ჩვენი თამაშის დონე იზრდებოდეს. მატჩს კარგ ფორმაში და კარგი განწყობით შევხვდით, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. უკეთ უნდა გვეთამაშა, ჩვენ ეს შეგვიძლია.
ერთადერთი კარგი რამ არის ის, რომ განმეორებითი მატჩი იქნება. „ოლდ ტრაფორდზე“ გასამართ შეხვედრას დიდი იმედით ველოდები“, – მოიესის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.
„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის განმეორებითი მატჩი 19 მარტს შედგება.
ბექა დოგრაშვილი