მოიესი: “გაგვიჭირდება, რომ სასურველი ფეხბურთელები “სანდერლენდში” გადმოსვლაზე დავითანხმოთ”
ინგლისის პრემიერ ლიგაში “სანდერლენდი” მე-18 ადგილე იმყოფება და მას უსაფრთხო ზონასთან 2 ქულა აშორებს. გუნდი კრიზისშია და მას აშკარად ესაჭიროება ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება. თუმცა, “სანდერლენდის” პრეზიდენტმა, ელის შორთმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იანვარში კლუბს ტრანსფერებისთვის არც ისე დიდი თანხა აქვს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა “სანდერლენდის” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა.
“ელისმა და მე ვისაუბრეთ ფეხბურთელების დამატებაზე. ახალი სპორტსმენების შეძენის სურვილი და საჭიროება დიდია, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. ძნელია, შუა სეზონში მცირე ბიუჯეტით მე-18 ადგილზე მყოფ გუნდში გადმოსვლა ვინმეს სთხოვო.”
“ფეხბურთელებს უბრალოდ უნდა ვუთხრთ: “ჩვენ თქვენ გვჭირდებით.” ვნახოთ, რა გამოვა,” – განაცხადა მოიესმა.