მოიესი: „გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ…“
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვერც ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში, „ფულემთან“ გამართულ საშინაო მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. მე-19 წუთზე ანგარიში სტუმართა ნახევარმცველმა სტივ სიდუელმა გახსნა. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 78-ე წუთზე მოახერხეს, გატანილი გოლით თავი რობინ ვან პერსიმ გამოიჩინა. ორ წუთში მაიკლ კერიკმა „წითელი ეშმაკები“ სულაც წინ გაიყვანა, მაგრამ მატჩის კომპენსირებულ დროში დარენ ბენტმა მაინც მოახერხა ლონდონელებისთვის ქულის გადარჩენა. ამრიგად, „იუნაიტედმა“ შინ ვერც გათამაშების ბოლოადგილოსანს ვერ მოუგო.
მატჩის შემდეგ „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა.
„უნდა გაგვემარჯვა, მაგრამ რამდენიმე შეცდომის გამო სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მთელი მატჩის განმავლობაში დაცვითი ფუნქციების შესრულება მხოლოდ სამჯერ თუ ოთხჯერ მოგვიწია. ასეთებიც ხდება ხოლმე.
ჩემმა გუნდმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ბოლო მომენტში გადამწყვეტი დარტყმა გვაკლდა. ჩვენ დავიმსახურეთ მოგება, დავიმსახურეთ სამი ქულა“, – ციტირებს მოიესის სიტყვებს „სქაი სპორტსი“.
ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 41 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიცია აქვს დაკავებული. „ფულემმა“ კი ჰაერივით საჭირო ქულა მოიპოვა, თუმცა 20 ქულით კვლავ ბოლო ადგილზე დარჩა.
აქვე გთავაზობთ მატჩის ვიდეომიმოხილვას.
ბექა დოგრაშვილი