მოიესი: „ოლიმპიაკოსთან“ რთული მატჩი გველის“
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი განახლდება. პირეოსში ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მის გუნდს ბერძნებთან მძიმე შეხვედრა ელის.
„ამ თამაშებისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ამიტომ, დამდეგ მატჩსაც მოუთმენლად ველოდები. ჯგუფში დაკავებულმა პირველმა ადგილმა უპირატესობა მოგვცა, თუმცა „ოლიმპიაკოსთან“ მძიმე შეხვედრა გველის. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კარგი თამაში გვმართებს. ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა ჯერ ამ დაპირისპირებაში უნდა გავიმარჯვოთ.
უეინ რუნი და რობინ ვან პერსი კარგ ფორმაში არიან. ისინი მნიშვნელოვან მატჩებშიც იტანენ გოლებს. როდესაც ეს ფეხბურთელები თამაშობენ, მთლიანი გუნდი უკეთ გამოიყურება. „ოლიმპიაკოსმა“ მშვენივრად ითამაშა „პარი სენ-ჟერმენთან“ და „ბენფიკასთან“. ბერძნები რთული ჯგუფიდან გავიდნენ. ასე რომ, რთული დაპირისპირება გველის“, – ციტირებს მოიესის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
მატჩი „ოლიმპიაკოსსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის დღეს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას იტალიელი არბიტრი ჯანლუკა როკი მოემსახურება.
ბექა დოგრაშვილი