“მონაკოს” თავკაცის პოსტზე ლეონარდუ ჟარდიმი დაბრუნდა
ლეონარდუ ჟარდიმი “მონაკოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა.
მხარეებს შორის ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. პორტუგალიელი სპეციალისტი თავის შტაბთან ერთად გუნდში მუშაობას კვირიდან შეუდგება.
დღეს “დიჟონის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში “მონაკოს” გუნდის თავკაცის თანაშემწე ფრანკ პასი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ “მონაკომ” ლეონარდუ ჟარდიმი გასული წლის ოქტომბერში დაითხოვა. მის ადგილს სამი თვის განმავლობაში ტიერი ანრი იკავებდა, თუმცა ფრანგის თავკაცობით გუნდმა წარუმატებელი შედეგები აჩვენა.
“ჩვენს კლუბს ცუდი პერიოდი უდგას. ამაზე მთლიანად მე ვიღებ პასუხისმგებლობას. უნდა ვაღიაროთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავყიდეთ და მიუხედავად სოლიდური ინვესტიციებისა, მოთამაშეთა ჩანაცვლებისას შეცდომები დავუშვით. ამის გამო ახალი, კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. ლეონარდუ ჟარდიმის გათავისუფლებაც არასწორი გადაწყვეტილება იყო”, – აღნიშნა “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა.
საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის თავზე შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ “მონაკოს” სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა პოზიცია უკავია.