მონტელა: “ინტერს” ფრე გამარჯვებასავით გაუხარდა, ამით უნდა ვიამაყოთ”
იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართა, სადაც შეხვედრის ნომინალურმა მასპინძელმა “მილანმა” თანაქალაქელი “ინტერი” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. კომპენსირებულ დროში განიავებული გამარჯვების მიუხედავად, შეხვედრის შემდეგ “როსონერის” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა ოპტიმისტურ განწყობაზე იყო.
“სილვიო ბერლუსკონი მატჩის საბოლოო ანგარიშით ცოტა იმედგაცრუებული იყო, მაგრამ გუნდი ქებას იმსახურებს. ბიჭები მეც შემეცოდნენ, მაგრამ დიდებული თამაში და სულისკვეთება ვაჩვენეთ და ახლა ტკბილად დაძინების უფლებაც გვაქვს.
“ინტერმა” გოლი 95-ე წუთზე გაგვიტანა. თითქმის იდეალური საღამო გამოვიდა. ვცდილობ, რომ ჭიქა ნახევრად სავსე მდგომარეობაში წარმოვიდგინო.
მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და თამაში წავიყვანეთ, მაგრამ “ინტერმა” ორი შემთხვევითი მომენტი გამოიყენა. შესაძლოა, მეტოქე მარცხს არ იმსახურებდა, მაგრამ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ვერავინ იტყოდა, რომ მოგება არ დავიმსახურეთ. “ინტერი” 95-ე წუთზე მოპოვებულ საყაიმო შედეგს გამარჯვებასავით აღნიშნავდა და ეს ჩვენ სიამაყის საბაბს გვაძლევს”, – ციტირებს მონტელას სიტყვებს Football Italia.