„მოყვარულთა თასი 2017“ დაიწყო
19 აპრილს, ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე “მოყვარულთა თასი 2017” დაიწყო. გახსნით მატჩში ერთმანეთს ოზურგეთის გამგეობისა და სოფელ კონჭკათის გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა კონჭკათის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
გახსნით მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა დაესწრნენ.
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციასთან ერთად, “მოყვარულთა თასი” პირველად 2016 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე გათამაშებაში 250 გუნდი და 5000 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სასიხარულოა, რომ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, რაც ფეხბურთის მასობრიობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გურიას, ოზურგეთს, რომელიც დღეს გახსნითი მატჩის მასპინძელია,”- აღნიშნა დავით მუჯირმა.
მოყვარულთა თასში წელს უკვე 45 მუნიციპალიტეტის 314 გუნდი და 8 000 მოყვარული ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. გათამაშება სამ ეტაპად ჩატარდება, გუნდები ერთმანეთს მუნიციპალურ რეგიონულ და ფინალურ ეტაპზე შეხვდებიან. მუნიციპალური ეტაპი თასის ფორმატით ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და მასში კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც თასის სისტემით, ერთ წრედ იასპარეზებენ. მუნიციპალური თასის გამარჯვებული და, რიგ შემთხვევაში, პრიზიორი გუნდი, რეგიონულ ლიგაზე იასპარეზებს.
რეგიონულ ეტაპზე 11 ლიგა შეიქმნება. თითოეული ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას 6 – 8 მოყვარულთა ფეხბურთის გუნდი მიიღებს. რეგიონულ ეტაპზე გასული გუნდები ლიგის სისტემით, ორ წრედ იასპარეზებენ.
რეგიონული ლიგების პარალელურად თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგები მიმდინარეობს, ასევე, მიმდინარეობს თბილისის მერიის თასის გათამაშება, რომლის ფინალისტი გუნდები „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფინალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.
თბილისის თასის ფინალისტებს ფინალურ ეტაპზე რეგიონული ლიგების გამარჯვებული 14 გუნდი დაემატება.
Gff.Ge