მორგანი და ფოუფი ბორჯღალოსნებში
2018 წლიდან ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს ორი გამოცდილი სპეციალისტი შეემატა – უელსის ყოფილი ფულბეკი, უელსური ‘ოსფრეისი’ ყოფილი ფიზ.მომზადების მწვრთნელი ქევინ მორგანი და ცნობილი ფიზიოთერაპევტი საიმონ ფოუფი.
მას შემდეგ, რაც საქართველო მაღალი მიღწევების სარაგბო ქვეყანა გახდა, ეს ‘მსოფლიო რაგბის’ ყოველწლიურ სანაკრებო გრანტშიც აისახა. სანაკრებო გრანტთან ერთად, ‘მსოფლიო რაგბი’ კონსულტანტების მეშვეობით გვაძლევს რეკომენდაციას, რა მიმართულებით უნდა მოხდეს ამ გრანტის ხარჯვა და მათი რეკომენდაცია იყო, რომ ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასამდე მუდმივ განაკვეთზე ყოლოდა ფიზმომზადების ხელმძღვანელი და ფიზიოთერაპევტი.
ქევინ მორგანისა და საიმონ ფოუფზე რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ლაშა ხურციძე გვიყვება:
„ფიზმომზადების მწვრთნელი და ფიზიოთერაპევტი ნებისმიერი უმაღლესი დონის ნაკრების წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენ გამოვაცხადეთ შესაბამისი ვაკანსია, გავიარეთ ინტერვიუებისა და შერჩევის 6-თვიანი პროცედურა, რის შემდეგაც უამრავ მაღალკვალიფიციურ კანდიდატს შორის, ‘მსოფლიო რაგბის’ კონსულტანტებისა და ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით არჩევანი ქევინ მორგანსა და საიმონ ფოუფზე შევაჩერეთ.
„მათ ბრიტანულ გუნდებთან (შესაბამისად, ‘ოსპრეისი’ და ‘ნიუკასლი’) მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ და ეს გამოცდილება უმნიშვნელოვანესი იქნება როგორც ფიზმომზდების, ასევე ტრავმების პრევენციის და არსებული ტრავმების რეაბილიტაციის კუთხით. ორივე სპეციალისტთან 2-წლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებიდან ისინი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდებიან“.
ქევინ მორგანი – ფიზ.მომზადება
40 წლის ქევინ მორგანმა რაგბის თამაში მშობლიურ ქალაქ პონტიპრიხდში დაიწყო, 1999 წელს ‘სუონზიში’ გადავიდა, 2003-2004 წლების სეზონი ‘კელტ მეომრებში’ გაატარა, მისი დაშლის შემდეგ კი ‘ნიუპორტ გვენ დრაგონს’ შეუერთდა და კელტთა ლიგის 2004-2005 წლების სეზონის საუკეთესო მელელოვე გახდა.
1997-2007 წლებში მორგანმა უელსის ნაკრების კვართით 48 თამაში ჩაატარა და 12 ლელო გაიტანა. 2003 და 2007 წლების მსოფლიო თასზე მან ჯამში 5 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო 2005 წელს, უელსელთა მიერ ექვსი ერის გრანდ სლემით მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მისი სანაკრებო კარიერა უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, თუმცა ქევინს ამაში ხელი ტრავმებმა შეუშალა. მან ფეხი მოიტეხა, რის გამოც 2004 წლის ექვსი ერი გამოტოვა, ვერც ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო მოგვიანებით მუხლის მყესები დაიზიანა და ოპერაცია დაჭირდა.
კარიერის მიწურულს, 2009 წლიდან მორგანმა მწვრთნელობას მიჰყო ხელი, 2010 წლიდან ფიზმომზადების სპეციალისტად ჩამოყალიბდა და დღემდე პრო 14-ის ‘ოსფრეის’ ამზადებდა.
„ბედნიერი ვარ, რადგან სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პროგრესირებად გუნდთან მუშაობის უნიკალური შესაძლებლობა მეძლევა! ყველას არ ეძლევა იმის შანსი, რომ გუნდს მსოფლიო თასისთვის მომზადებაში დაეხმაროს და ამ შანსისთვის მადლიერი ვარ.
„ქართულ რაგბი მსოფლიოში ცნობილია ფიზიკურობითა და ღონით. შესაბამისად, ჩემი მიზანია გუნდს მისი სრული პოტენციალის გამოვლენაში დავეხმარო. საქართველო დამსახურებულად უნდა აღიარონ პირველი ეშელონის სარაგბო ქვეყნად!
“ბოლო წლებში ‘ოსფრეისში’ ვმუშაობდი და მინდა გამოვხატო მადლიერება ყველას მიმართ, რადგან ამ პერიოდში მე ჩამოვყალიბდი, როგორც წარმატებული მწვრთნელი“ – განაცხადა ქევინ მორგანმა.
საიმონ ფოუფი – ფიზიოთერაპევტი
ბორჯღალოსნების ახალი ფიზიოთერაპევტი 47 წლის ინგლისელი სპეციალისტი საიმონ ფოუფია, რომელსაც სხვადასხვა სპორტის სახეობაში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს.
ფოუფმა მოღვაწეობა ფეხბურთით დაიწყო და 1999-2002 წლებში ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგის სხვადასხვა კლუბების აკადემიებში მუშაობდა, 2002-2003 წლებში ‘ბრედფორდ სიტის’ კონსულტანტი იყო, ხოლო 2003-2004 წლებში კი, ‘ოლდ მენ ათლეტიკის’ სამედიცინო სამსახურის უფროსი იყო.
2004 წლიდან მან რაგბში გადაინაცვლა და 2011 წლამდე რაგბი-ლიგის კლუბ ‘ჰალის’ სამედიცინო სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2011 წელს საიმონი ბრიტანეთის ნიჩბოსანთა ნაკრების მთავარი ფიზიოთერაპევტი იყო და გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
2012 წლის იანვრიდან ივლისამდე ის 13-კაცა რაგბში ინგლისის სუპერ-ლიგის ფიზიო-კონსულტანტი იყო, ხოლო ივლისიდან 15-კაცა რაგბში გადაინაცვლა და დღემდე პრემიერშიფის ‘ნიუკასლ ფალკონზის’ მთავარ ფიზიოთერაპევტად მუშაობდა.
საიმონ ფოუფი ბორჯღალოსნების ფიზიოთერაპევტი 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე იქნება.
Rugby.Ge