მორიენტესი: „ალონსოს არყოფნა „რეალისთვის“ სერიოზული დანაკლისია“
მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი თვლის, რომ „სამეფო კლუბისთვის“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ჩაბი ალონსოს არყოფნა სერიოზული დანაკლისი იქნება. შეგახსენებთ, რომ ბასკი ნახევარმცველი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
„ალონსო გუნდის თამაშს აბალანსებს და „რეალის“ მამოძრავებელ ძალად ითვლება. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მისი არყოფნა კლუბისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება“, – მორიენტესის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრა ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.
ბექა დოგრაშვილი