მოსიაშვილი: „ვფიქრობ, ლამაზი გოლი გავიტანე“
საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე „გურიამ“ სახლში „ზესტაფონის“ დამარცხებით დაიწყო. გურიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი შეხვედრის 50-ე წუთზე თორნიკე მოსიაშვილმა გაიტანა, რომელიც „გურიაში“ სადებიუტო მატჩს ატარებდა. ჩვენი საიტი შეხვედრის მთავარ გმირს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
– თორნიკე, „გურიას“ შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში ბრწყინვალე დებიუტი გამოგივიდა – „ზესტაფონს“ გოლი გაუტანე, რითაც შენმა გუნდმა ჩემპიონატის მეორე წრე სამი ქულით დაიწყო. გაგვიზიარე პირველი შთაბეჭდილებები
„ძალიან გახარებული ვარ. გუნდმა დავალება შეასრულა. იმედია, ასე გავაგრძელებთ და ყველა მატჩში მაქსიმუმს გავაკეთებთ“
– პირველმა წარმატება ვინ მოგილოცა?
„მოედანზე არ მახსოვს. ისე, ჩემმა ძმამ, იგი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია“
– „გურიაში“ როგორ მოხვდი?
„გასულ სეზონში „ჭიათრაში“ ვთამაშობდი. ერთ-ერთ მატჩს „გურიის“ ფინანსური დირექტორი დაესწრო. თამაშის შემდეგ შევხვდი და გადაწყდა, რომ ამ კლუბში ვითამაშებ“
– აქამდე პირველ ლიგაში თამაშობდი. უმაღლესში ჩატარებულ ამ ერთ მატჩში ამის გამო რაიმე დისკომფორტი ხომ არ გიგრძვნია?
„არა, რადგან რამდენიმე წლით ადრე „გაგრაში“ უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი. ასევე ფოთის „კოლხეთშიც“ ვიყავი“
– ანუ გუნდში ადაპტაციის პრობლემა ნაკლებად გაქვს?
„ღვთის წყალობით, არ გამჭირვებია. ნახევარზე მეტ თანაგუნდელს ვიცნობ. გუნდის ძალიან შეკრულია. საერთოდ, ლანჩხუთში კარგი და ტკბილი ხალხი ცხოვრობს“
– სატურნირო ცხრილში გუნდის შანსებს როგორ შეაფასებდი?
„ყველა გუნდი ქულებით ერთმანეთთან ახლოსაა. ათეულში მოხვედრა, ალბათ, ნორმალური შედეგი იქნება“
– ზოგადად 16-გუნდიანი ჩემპიონატის შესახებ რას ფიქრობ?
„მივესალმები… რაც მეტ ფეხბურთელს უმაღლესში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა, მით უფრო მეტი კარგი მოთამაშე გამოჩნდება. თუმცა, პირველ ლიგას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. იქ ბევრი ფეხბურთელია, რომელიც უმაღლესში თამაშს იმსახურებს“
– რახან პირველი ლიგა ახსენე, შენი ყოფილი კლუბის „ჭიათურას“ შესახებაც გკითხავთ. გუნდი ამჟამად მეორე ადგილზეა, თუმცა პირველ ადგილზე მყოფ „საბურთალოს“ 15 ქულით ჩამორჩება. როგორ ფიქრობ, შეძლებენ თუ არა ჭიათურელები უმაღლესში ასვლას?
„იმედია, შეძლებენ და მათ მთელი გულით ვქომაგობ. იქ კარგი ბიჭები თამაშობენ, მაგრამ როგორც ბევრ ქართულ კლუბს, ფინანსური პრობლემები „ჭიათურასაც“ აქვს. პლეიოფით გასვლა შესაძლებელია“
– ამ ფორმაციით „ჭიათურა“ უმაღლეს ლიგაში გადარჩენისთვის ბრძოლას რამდენად შეძლებდა?
„რამდენიმე ფეხბურთელს თუ დაიმატებდა, არ გაუჭირდებოდა“
– ბოლოს კიდევ ერთხელ შენს გოლს დავუბრუნდეთ. თუ შეგიძლია, გაიხსენე, როგორ გაიტანე ის და დაწვრილებით აგვიღწერე ის ეპიზოდი
„შალამბერიძემ კუთხური ჩააწოდა, რის შემდეგაც ერთი შეხებით დავარტყი და გავიტანე. ვფიქრობ, ლამაზი გოლი გამოვიდა“