მოსკოვის “დინამოს” სპორტდირექტორი: “ლივერპულის” წარმატება ჩემი დამსახურებაა, კლოპმა ყველაფერი მიიწერა”
მოსკოვის “დინამოს” სპორტული დირექტორი ჟელკო ბუვაჩი, რომელიც 2015–2018 წლებში “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა, ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგასა და ინგლისის პრემიერლიგაში მერსისაიდული გუნდის წარმატება მისი დამსახურებაა, თუმცა ყველაფერი იურგენ კლოპს მიეწერა.
“კლოპისთვის გაჩემპიონება არ მიმილოცია. “ლივერპულის”, ფეხბურთელებისა და ფანების ეს წარმატება გამიხარდა, მაგრამ კლოპს არ მივულოცე.
გუნდში ინტერვიუების მიცემისა და საჯარო გამოსვლების გარდა მთელ სამუშაოს მე ვასრულებდი. სხვა ფუნქციებიც მე მევალა. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ გუნდზე გავლენა მომეხდინა, რათა წარმატებისთვის მიგვეღწია, თუმცა ყურადღება არ მჭირდებოდა.
ახლა მთავარ მწვრთნელად მუშაობა არ მინდა. თუ “ბარსელონა” შემომთავაზებს, დავფიქრდები, თუმცა დანარჩენებს უარით გავისტუმრებ.
ალბათ, გგონიათ, რომ მოსკოვის “დინამოში” იმიტომ ვარ, რომ სხვა ვერაფერი ვნახე და უკეთეს ვარიანტს ველოდები, მაგრამ ასე არ არის. ვერც კი წარმოიდგენთ, რა შემოთავაზებებზე ვთქვი უარი, როდესაც კარიერაში პაუზა მქონდა. ვერ გეტყვით, რომელმა კლუბებმა მომმართეს წინადადებით”, – ციტირებს ბოსნიელი ფუნქციონერის სიტყვებს “დეილი მეილი”.
ჟელკო ბუვაჩისა და იურგენ კლოპის თანამშრომლობა 17 წლის განმავლობაში გაგრძელდა. ბოსნიელი გერმანელ სპეციალისტს “მაინცსა” და დორტმუნდის “ბორუსიაში” მუშაობის პერიოდშიც ეხმარებოდა.