მოსკოვის “დინამოს” თავკაცი: “თბილისის “ლოკომოტივი” საკმაოდ უსიამოვნო მეტოქეა”
მოსკოვის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა “სპორტ-ექსპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“მეტოქე ჯერ საკმარისად ყურადღებით არ შეგვისწავლია. დღის წესრიგში “რუბინთან” ჩასატარებელი მატჩია, ყაზანელებთან შეხვედრის შემდეგ უკვე ქართულ კლუბზე გადავერთვებით. რამდენადაც ვიცი, მეტოქე დაცვიდან შეტევაზე სწრაფად გადადის, დაცვაშიც თავდაჯერებულად თამაშობს. საკმაოდ უსიამოვნო მოწინააღმდეგეა, რომელთანაც ქედმაღლური დამოკიდებულება არ შეიძლება. იოლი მატჩი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება, მაგრამ თუ მომდევნო ეტაპზე თამაში გვინდა, უნდა გავიმარჯვოთ”, – აღნიშნა მოსკოვის “დინამოს” თავკაცმა.
თბილისის “ლოკომოტივსა” და მოსკოვის “დინამოს” შორის მატჩი 17 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება და ის 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას კარიმ აბედის ხელმძღვანელობით ფრანგ არბიტრთა ბრიგადა განსჯის. მატჩზე მაყურებლები არ დაიშვებიან.