მოსკოვის “ლოკომოტივი” ხვიჩა კვარაცხელიაში 15 მილიონ ევროს იხდის
ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ბევრი კლუბია დაინტერესებული. რუსული გამოცემა “ბიზნეს ონლაინის”-ის ცნობით, “რუბინმა” მოსკოვის “ლოკომოტივიდან” და “კრასნოდარიდან” ოფიციალური შემოთავაზებები უკვე მიიღო.
გამოცემის ცნობით, “ლოკომოტივმა” “რუბინს” 19 წლის ქართველი გარემარბის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა. მოსკოველებმა სულ ცოტა ხნის წინ ალექსეი მირანჩუკი ბერგამოს “ატალანტაში” გაყიდეს, ახლა კი მიღებული თანხის გამოყენება კვარაცხელიას ტრანსფერში სურთ. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა “რუბინში” სწორედ “ლოკომოტივიდან” გადავიდა.
კვარაცხელიას შეძენა სურს “კრასნოდარსაც”, რომელმაც “რუბინს” მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა. ჯერ-ჯერობით კლუბებს შორის მოლაპარაკება არ დაწყებულა, თუმცა ფაქტია, ყაზანური კლუბის ოფისში კრასნოდარელთა წინადადება მივიდა.
ქართველ ფეხბურთელს “რუბინთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი მას 15 მილიონ ევროზე ძვირად აფასებს.