მოწინავე სამეულში მოსახვედრად
რიოს ოლიმპიადაზე გასასვლელად ბრძოლა გაისადაც რომ გააგრძელოს, სამაგისოდ საქართველოს “შვიდკაცა” ლისაბონში მოწინავე სამეულში უნდა შევიდეს.
2016 წელს რაგბი ოლიმპიადაზე შვიდკაცის ფორმით ბრუნდება.
12-გუნდა დასის შერჩევა მრავალ-საფეხურიანია: მასპინძელი ბრაზილია შეჯიბრზე პირდაპირ დაუშვეს, ხოლო ფიჯი, სამხრეთი აფრიკა, ახალი ზელანდია და ბრიტანეთი სანუკვარ დუჟინში “მსოფლიო სერიიდან” შევიდნენ.
მერე გაჩაღდა რეგიონული ტურნირები: სამხრეთი ამერიკიდან რიოს საგზური არგენტინას ერგო, ჩრდილოეთიდან – შტატებს, ევროპიდან კი – საფრანგეთს.
წლის ბოლომდე ასეთივე შესარჩევები მოეწყობა აფრიკაში, აზიასა და ზღვისრეთში, ბოლო, მე-12 საგზური კი გაისად, 16-გუნდა, “მსოფლიო რეპეშაჟში” გათამაშდება.
უცვლელი რაზმით
საქართველო “მსოფლიო სერიაში” კარგა ხანია ვეღარ ხვდება.
პოზიციები დავთმეთ ევროპაშიც: თუ 2008 წელს III ადგილზე დავაფინიშეთ, მერე შეუქცევლად გავაუარესეთ შედეგი: ორჯერ V, ერთხელ VI, სამჯერ VIII, და ბოლოს, წლეულს X.
ჩვენდა ბედად, “გრან პრის” უკლებლივ ყველა მონაწილეს ერგება მეორე შანსი. ჰოდა, 8 ხელმოცარულს დაგვემატნენ I ჯგუფის სამი მოწინავე – პოლონეთი, უკრაინა, ლატვია – და II ჯგუფის ფალავანი ირლანდიაც.
ეს 12 გუნდი ამ უქმეებზე იასპარეზებს ლისაბონში, ჟამორის სანაკრებო ბაზაზე დანიშნულ “ევროპის რეპეშაჟში” და სამი უკეთესიღა გავა ზემოთ ხსენებულ, საგაისო “მსოფლიო რეპეშაჟში”
საქართველოს “შვიდკაცის” ხელმძღვანელობამ “გრან პრის” სამი ეტაპი (მოსკოვი, ლიონი, ექსეთერი) რაზმის შესარჩევად და შესათამაშებლად გამოიყენა. ჩვენები ინგლისიდან პირდაპირ გაფრინდნენ პორტუგალიას, სადაც ბარემ ერთი კვირა ჰქონდათ სავარჯიშოდ. 12 კაცში ამჯერად აღარავინ შევლილა, რაც სასიკეთო ნიშანია.
Rugby.GE