მოურინიო 25 ათასი ფუნტით დააჯარიმეს
ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურნიო გადაცდომისთვის 25 ათასი ფუნტ სტერლინგით დააჯარიმეს.
კერძოდ, საუბარია 28 დეკემბერს, პრემიერლიგის XIX ტურში “საუთჰემპტონსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ მოურინიოს მიერ თქმულ ფრაზაზე. აღნიშნულ შეხვედრაში “პენსიონერთა” ესპანელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, პორტუგალიელმა თავკაცმა კი თქვა, რომ მისი გუნდის წინააღმდეგ კამპანიაა გაჩაღებული.
მოურინიომ მაშინ ეს განცხადება გააკეთა:
“ჩელსის” წინააღმდეგ კამპანიაა აგორებული. არ ვიცი, რატომ ხორციელდება ეს ყველაფერი.
ყველამ იცის, რომ იმ მომენტში პენალტი იყო”.
ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ წუხელ გამართული განმეორებითი მატჩის (1:0 დ.დ.) შემდეგ, მოურინიომ იმ მიზეზით, რომ მას კვლავ დასჯიან, მსაჯებზე კომენტარი არ გააკეთა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა წუხელ მთელ რიგ ეპიზოდებში გამოხატა არბიტრების მიმართ უკმაყოფილება.