მოურინიო: “ამიერიდან არავინ მკითხავს, რატომ ვათამაშებ ერთი და იმავე ფეხბურთელებს”
21 ოქტომბერს, უეფას კონფერენს ლიგაზე “რომა” სტუმრად ნორვეგიულ “ბიუდე-გლიმტთან” 1:6 დამარცხდა.
რომაელთა მთავარი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიოსათვის ეს კარიერაში პირველი მატჩი იყო, როცა მისმა გუნდმა 6 გოლი გაუშვა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ამ შემადგენლობით თამაში ჩემი გადაწყვეტილება იყო, ამიტომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მინდოდა შანსი მიმეცა მათთვის, ვინც ბევრს შრომობს და როტაცია გამეკეთებინა. ბევრი ფეხბურთელი დავასვენე. მარტივია, ჩვენ დავმარცხდით გუნდთან, რომელმაც დღეს უფრო მაღალი დონე გამოავლინა. თუ ყოველთვის ამ თერთმეტეულით ვითამაშებ, მაშინ ეს სარისკო იქნება, რადგან გუნდის პირველ და მეორე შემადგენლობას შორის, ხარისხობრივად, დიდი განსხვავებაა.
ჩემთვის ახალი არ არის, რომ ამ შემადგენლობას რაღაც ლიმიტი აქვს, მაგრამ უკეთეს თამაშს ველოდი. როგორც უკვე ვთქვი, გადაწყვეტილება მე მივიღე, შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე ვიღებ. გვყავს 13 ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს გუნდს წარმოადგენს, დანარჩენები სხვა დონეზე არიან. ამ მარცხს დადებითი ის აქვს, რომ ამიერიდან აღარავინ მკითხავს, რატომ ვათამაშებ ყოველთვის ერთი და იმავე ფეხბურთელებს”, – უთხრა მოურინიომ Sky Sport Italia-ს.