მოურინიო: “კარიერის “მანჩესტერ იუნაიტედში” დასრულებას ნამდვილად არ ვაპირებ”
მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთის სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ დარწმუნებით განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლო კლუბი არ იქნება მის კარიერაში, სადაც მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იმუშავებს.
სექტემბრის თვეში “რეალის” ექს-თავკაცმა აღნიშნა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” კიდევ მრავალი წლის მანძილზე გეგმავდა დარჩენას, რის გამოც ფანების გარკვეულმა ნაწილმა მას ფერგიუსონის გზის გავლა უწინასწარმეტყველა (რომელმაც 26 წელი გაატარა “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის პოსტზე). თუმცა, როგორც ჩანს, მოურინიო ამ მიზნისკენ სულაც არ მიილტვის.
“ერთადერთი რამ, რისი თქმაც ახლა შემიძლია არის ის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ვარ და ბევრი სადარდებელი, ამბიცია და სურვილი მაქვს, სურვილი სიახლეების მიღების.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კარიერის დასრულებას მანჩესტერში არ ვაპირებ,” – აცხადებს მოურინიო, რომელსაც “ინტერსა” და “ჩელსიში” მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია.