მოურინიო: “ლამპარდი მიყვარს, მაგრამ იმედი მაქვს, კვირას დამარცხდება”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ჩელსისთან” მოახლოებული მატჩის წინ ფრენკ ლამპარდის შესახებ ისაუბრა.
როგორც იცით, კვირას “ტოტენჰემი” “ჩელსის” საკუთარ მოედანზე მიიღებს. მოურინიოს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, დაპატიჟებს თუ არა ის ლამპარდს მატჩის შემდეგ ალკოჰოლის მისაღებად.
“არ მგონია, რადგან სტადიონის შენობა ამის საშუალებას არ გვაძლევს. ჯერ არცერთი მწვრთნელი არ დამიპატიჟებია და ალბათ, ვერც ფრენკს დავპატიჟებ. თუმცა, მას მატჩის წინაც და შემდეგაც ჩავეხუტები, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი შედეგით დასრულდება თამაში.
ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმისათვის, რაც ლამპარდმა ფეხბურთელობის დროს ჩემთვის გააკეთა. მე ეს ადამიანი მიყვარს და მეყვარება, მაგრამ იმედი მაქვს, კვირას დამარცხდება”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal.Com.
შეგახსენებთ, რომ როცა პორტუგალიელი “ჩელსის” წვრთნიდა, მაშინ ფრენკ ლამპარდი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.