მოურინიო: “მახსოვს ის დრო, როდესაც მე და გვარდიოლა ერთად ვმუშაობდით”
“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ხოსეპ გვარდიოლასთან ერთად უწევდა მუშაობა. როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სპეციალისტი “ბარსელონაში” ბობი რობსონის თანაშემწე იყო, როდესაც გვარდიოლა “ბლაუგრანას” ღირსებას მოთამაშის რანგში იცავდა.
“კარგად მახსოვს ის სამწლიანი მონაკვეთი, როდესაც მე და გვარდიოლა “ბარსელონაში” ერთად ვმუშაობდით. ეს პერიოდი უფრო ხშირად მახსენდება, ვიდრე ის, რასაც ხალხი ჩემსა და გვარდიოლას შორის ურთიერთდაპირისპირებას უწოდებს.
შემდეგ იყო “რეალი” და “ბარსელონა”, “ინტერი” და “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი”, დღეს კი “ტოტენჰემი” და “სიტი”. ეს ჩვენთვის ახალი ფურცელია, ვინაიდან “ტოტენჰემის” თავკაცის რანგში გვარდიოლას პირველად დავუპირსპირდები. მინდა, რომ ეს მატჩი გამარჯვებით დავასრულოთ. ჩვენ უნდა მოვიგოთ, ვინაიდან ქულები გვჭირდება და ჩემს ამ სურვილს რაიმე სხვა ქვეტექსტი არ აქვს”, – ციტირებს მოურინიოს კომენტარს “სქაი სპორტსი”.
ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში “ტოტენჰემი” “მანჩესტერ სიტის” მიიღებს. შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.