მოურინიო: „მინდა, რომ „ჩელსიში“ 12 წლის განმავლობაში ვიმუშაო“
ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის პრემიერლიგის XVII ტურში „არსენალთან“ გამართული მატჩის (0:0) შემდეგ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ კლუბში მუშაობა 12 წლის განმავლობაში სურს.
„შექმნილ ვითარებას რეალურად ვუყურებ და მინდა, რომ აქ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. ოთხწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ მინდა, რომ მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდეთ და სამომავლო მოქმედებები დავგეგმოთ. თუ ჩემი მუშაობით კმაყოფილები იქნებიან, მაშინ დავრჩები. თუ არ იქნებიან კმაყოფილნი, მაშინ წასვლა მომიწევს.
მსურს, რომ კლუბში 12 წლის განმავლობაში ვიმუშაო. მომდევნო თვეში 51 წლის გავხდები. „ჩელსიში“ 12-წლიანი მუშაობის შემდეგ მინდა, რომ პორტუგალიის ნაკრები ჩავიბარო და მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიდე.
„ჩელსიში“ ფულის გამო არ მოვსულვარ. „რეალში“ უფრო მეტს მიხდიდნენ, თუმცა მადრიდელებთან კონტრაქტი გავწყვიტე და ლონდონში დავბრუნდი.
ეს უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ჩემი ყველაზე ცუდი კონტრაქტია. პირველ რიგში, „ჩელსიში“ ვარ იმიტომ, რომ ამ კლუბის მიმართ სიმპათიები მაქვს“, – განაცხადა მოურინიომ.
ბექა დოგრაშვილი