მოურინიო მშვიდადაა: “თუ გამათავისუფლებენ, წარმოგიდგენიათ, რამდენს გადამიხდიან?”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ მას გუნდიდან არ გაათავისუფლებენ. ინგლისის პრემიერლიგაში წარუმატებელი სტარტისა და პოლ პოგბასთან გაფუჭებული ურთიერთობის შემდეგ სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს “ოლდ ტრაფორდის” დატოვება მოუწევს, თუმცა თავად მოურინიო სხვაგვარად ფიქრობს.
“თუ გამათავისუფლებენ, წარმოგიდგენიათ, რამდენის გადახდა მოუწევთ ჩემთვის? ამბობენ, რომ წნეხის ქვეშ ვარ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ”, – თქვა მოურინიომ “ლა რეპუბლიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.
პორტუგალიელ სპეცილისტსა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2020 წლის ზაფხულამდე აქვს.
ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელთა სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა და ზაფხულში რამდენჯერმე თქვა, რომ გუნდი ახალი ფეხბურთელების დამატებას საჭიროებს.
პრემიერლიგის საწყისი ოთხი ტურის შემდეგ “წითელ ეშმაკებს” აქტივში ექვსი ქულით მეათე პოზიცია უკავიათ.