მოურინიო: “როგორც კი კასილასის ამბავი გავიგე, “პორტუში” დავრეკე”
ჟოზე მოურინიო იკერ კასილასის ამბავს გამოეხმაურა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ იკერის ამბის გაგებისთანავე “პორტუს” წარმომადგენლებს დაურეკა.
შეგახსენებთ, რომ კასილასს რამდენიმე დღის წინ “პორტუს” ვარჯიშზე გულის შეტევა დაემართა. ის ახლა საავადმყოფოშია. ჯერ-ჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა 37 წლის მეკარე კარიერას.
“მეწყინა, როცა გავიგე, რა მოხდა. მაშინვე “პორტუს” წარმომადგენლებს დავურეკე, რათა დეტალები გამერკვია. “პორტუს” შესანიშნავი სამედიცინო დეპარტამენტი ჰყავს, ამიტომ იკერი სანდო ადამიანების გარემოცვაშია. პორტუგალიური პრესა პოზიტიური სიახლეებითაა გავსებული – ისინი წერენ, რომ შესაძლებელია, კასილასმა კარიერა გააგრძელოს. როცა 37 წლის ხარ და ასეთი ამბის შემდეგ ისევ კარიერის გაგრძელებაზე ფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ყველამ იცის, როცა მე იკერის სათადარიგოთა სკამზე გადასმა გადავწყვიტე, ჩვენ შორის დაძაბულობა იყო – ეს იყო კონფლიქტი “რეალის” მწვრთნელსა და კაპიტანს შორის. ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა და არც მისთვის იყო ამასთან შეგუება ადვილი. ახლა ერთმანეთთან დადებითი ურთიერთობა გვაქვს”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ასი”.