მოურინიო სხვა მწვრთნელებს: “თუ არ გინდათ პრემიერლიგის განახლება, დარჩით სახლში და უყურეთ ბუნდესლიგას”
გუშინ ინგლისის პრემიერლიგის კლუბების მთავარ მწვრთნელთა შეხვედრა შედგა, რომელზეც სეზონის განახლების შესაძლებლობა განიხილეს. როგორც აღმოჩნდა, არის მწვრთნელების ნაწილი, რომლებიც გათამაშების რესტარტს ეჭვის თვალით უყურებენ. მათ რიცხვში არ არის “ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცი ჟოზე მოურინიო, რომელმაც კოლეგებს ჩვეული ირონიით მიმართა.
“მინდა, რომ გუნდი ვავარჯიშო და ვათამაშო. მინდა, რომ პრემიერლიგა მაქსიმალურად მალე განახლდეს, განსაკუთრებით კი ახლა, როცა ვხედავთ, რომ სხვა ლიგები გათამაშების რესტარტისთვის უკვე ემზადებიან. თუ თქვენ პრემიერლიგის განახლება არ გინდა, მაშინ დარჩით სახლებში და უყურეთ ბუნდესლიგის მატჩებს”, – ციტირებს “მირორი” მოურინიოს სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩანაფიქრის მიხედვით, პრემიერლიგა შესაძლოა, 12 ივნისს განახლდეს. გამოცემის თანახმად, პეპ გვარდიოლა (“მანჩესტერ სიტი”), ფრენკ ლამპარდი (“ჩელსი”), გრემ პოტერი (“ბრაიტონი”) და ნაიჯელ პირსონი (“უოტფორდი”) შიშობენ, რომ ფეხბურთელები ზაფხულის მეორე კვირისთვის ფორმაში შესვლას ვერ მოასწრებენ.