მოურინიო: “ტოტენჰემში” პრიმადონების ადგილი არ არის”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, “ბარნლისთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა დაივიწყოს პირადი ინტერესები და გუნდის შედეგზე იზრუნოს.
“ბოლო წუთებში ჰარი კეინიც პრესინგში იღებდა მონაწილეობას, ვარდნებს ახორციელებდა და ცდილობდა “ბარნლის” ფეხბურთელებისთვის ბურთი წაერთვა. როდესაც მოგება გინდა, შენი გუნდისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. “ტოტენჰემში” პრიმადონების ადგილი არ არის.
ისეთ ტოპ-ფეხბურთელსაც კი, როგორიც ჰარი კეინია, ასეთი სული აქვს. ეს ფანტასტიკურია, ჩვენ გუნდში ინდივიდუალიზმის ადგილი არ არის.
მართალია, დღეს საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ჰარი კეინი თავს კომფორტულად გრძნობდა. მეტოქის საჯაარიმოში ის ძალიან სახიფათოა, თუმცა საჯარიმოს გარეთაც კარგად მუშაობს,” – აცხადებს მოურინიო.