მოურინიომ “როსტოვის” გასახდელთან საჩუქარი მიიტანა (ვიდეო)
უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედს” და “როსტოვს” შორის გამართული მატჩის დაწყებამდე “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სტუმართა გასახდელთან მივიდა და რუსული გუნდის წარმომადგენელს საჩუქარი გადასცა.
უცნობია, რა იდო შავ ყუთში და ვის მიუტანა საჩუქარი პორტუგალიელმა. ამას არც მოურინიო ამხელს.
“როსტოვში მშვენიერი საჩუქარი მაჩუქეს, ამიტომ მე მათთვის რაღაც უნდა დამებრუნებინა. ჩვენ ერთმანეთს 2010 წლიდან ვიცნობთ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი “ინტერი” მის “რუბინს” დაუპირისპირდა. ძალიან კარგი, თავაზიანი კაცია. ცოტა ჩაკეტილია, მაგრამ ძალიან კარგი კაცია. მიხარია, რომ ჩემი კლუბის სახელით მას საჩუქარი გადავეცი”, – აღნიშნა მატჩის შემდეგ მოურინიომ.
2010 წელს “რუბინში” “როსტოვის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი და ვიცეპრეზიდენტი კურბან ბერდიევი და გუნდის მწვრთნელი ივან დანილიანცი მუშაობდნენ. აქედან რომელიმე მათგანი იქნებოდა მოურინიოს ადრესატი.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” “როსტოვი” ანგარიშით 1:0 (ორი მატჩის ჯამში 2:1) დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.