მოურინიოს რჩევა “ლივერპულს”
ინგლისის პრემიერლიგის XI ტურის ცენტრალური შეხვედრა “ენფილდზე” გამართება, სადაც “ლივერპული” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლებს. მატჩიწინა პრესკონფერენციაზე “პენსიონერთა” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გასულ სეზონში ამავე გუნდების მონაწილეობით გამართული შეხვედრა გაიხსენა.
იმ მატჩის ერთ-ერთ მთავარ ეპიზოდად “წითლების” ნახევარმცველ სტივენ ჯერარდის შეცდომა იქცა. მერსისაიდული გუნდის კაპიტანს მოედნის შუაგულში ფეხი დაუცდა და ბურთი დაკარგა, რითაც დემბა ბამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. საბოლოო ჯამში, მაშინ “ჩელსიმ” “ლივერპული” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
“ეს შეცდომა “ლივერპულს” ტიტულის ფასად დაუჯდა. ასე ადვილად მოგო “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონატი. იმ შეხვედრაში მერსისაიდელებს თუნდაც ქულა რომ მოეპოვებინათ, ისინი ჩემპიონები გახდებოდნენ.
ის შეხვედრა ჩვენთვის ღირსებისა და პროფესიული მოვალეობის საკითხი იყო. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გამოთიშულნი ვიყავით, თუმცა თითოეულ შეხვედრაში ვიბრძოდით”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “დეილი მეილი”.
ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი “ლვერპულის” ფეხბურთელებს ურჩევს, რომ შარშანდელი სეზონი დაივიწყონ და მიმდინარე გათამაშებაზე იფიქრონ.
“ვფიქრობ, დროა, რომ “ლივერპულმა” გასული სეზონი დაივიწყოს და ცუდი მოგონებებით თავი არ დაიტვირთოს. გუნდმა ამ სეზონზე უნდა იფიქროს. მათ საკმაო მოტივაცია ექნებათ ამისთვის. თუ წარსულში გავიხედებით, მაშინ კარგი ისტორიები უნდა გავიხსენოთ, რაც “ლივერპულს” მრავლად ჰქონია”, – აღნიშნა მოურნომ.
მატჩი “ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის დღეს, თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.