მსაჯთა აკადემიის სემინარი – დღე მესამე (ვიდეო)
მსაჯთა აკადემიაში სწავლების მესამე დღე მიმდინარეობს. მონაწილეებს დღეს ქართული ფეხბურთის განვითარების დირექტორი ზაზა დოლიძე ესტუმრა. ზაზა დოლიძემ მონაწილეებთან კურსის მიმდინარეობაზე ისაუბრა და სასწავლო პროცესს დაესწრო. მან კურსანტებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის სახელით, საახალწლო საჩუქრები გადასცა.
„მოხარული ვარ, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელშეწყობით, ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო ახალი და უმნიშვნელოვანესი პროექტი „მსაჯთა აკადემია“. ეს მიმართულება ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, სასიხარულოა, რომ ხელს ვუწყობთ ახალი სახეების წარმოჩენას ამ მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, ქართული ფეხბურთის განვითარებაში დიდ როლს ითამაშებს,“- აღნიშნა ზაზა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, მსაჯთა აკადემია გაიხსნა, რომელიც კურსის მონაწილეთათვის სრულიად უფასოა. პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მსაჯის პროფესიის შესწავლის 500 მსურველიდან, გასაუბრების შედეგად, 20 დეკემბერს სწავლა 30-მა შერჩეულმა მონაწილემ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მსაჯის პროფესიას 7 გოგონა დაეუფლება.
Gff.Com