მსაჯთა კომიტეტის უფროსი ვიდეოგამეორებებზე: “ლა ლიგას ფულის დახარჯვა არ უნდა”
კრიტიკის ქარცეცხლში მყოფი იგნასიო იგლესიას ვილანუევა ესპანეთის მსაჯთა კომიტეტის პრეზიდენტმა, ვიქტორიანო სანჩეს არმინიომ დაიცვა და აღნიშნა, რომ “ბარსელონასთან” მატჩში დაშვებული შეცდომის გამო მისი გაწირვა უსამართლობაა.
“ხალხს ყოველთვის ურჩევნია, მსაჯების წინააღმდეგ იყოს. არავის უყვარს მათ გვერდში ყოფნა.
იგლესიას ვილანუევას ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა და მხოლოდ ერთ მომენტში დაუშვა შეცდომა, სადაც გარკვევა ძალიან რთული იყო. მას ვესაუბრე და ვიცი რა მდგომარეობაშიც არის ამის გამო და ეს უსამართლობად მიმაჩნია.
ვფიქრობ, რომ მას ასე არ უნდა ექცეოდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წავაქეზოთ და ეს პერიოდი დავაძლევინოთ. ის უნდა გაძლიერდეს და თავისი საქმის კეთება გააგრძელოს.
რაც შეეხება ვიდეოგამეორებების დანერგვას, ამისთვის ლა ლიგას ფიფას თანხმობა და 4 მილიონი ევრო სჭირდება (ერთ-ერთი ტექნოლოგიის Hawk-eye-ს შესასყიდად). მათ კი ფულის გადახდა უბრალოდ არ უნდათ,” – აცხადებს არმინიო.