“მსოფლიო რაგბის” მაღალი ტრიბუნიდან – წარმატებული საქართველო!
ნოემბრის ტესტ-მატჩების პარალელურად, ლონდონში მსოფლიო რაგბის მმართველები შეიკრიბნენ და გასული წლის შეჯამებასთან ერთად სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.
“მსოფლიო რაგბის” მე-13 გენერალურ ასამბლეას საქართველოდან რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, “მსოფლიო რაგბის” საბჭოს წევრი გიორგი ნიჟარაძე და სპორტული და მაღალი მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე ესწრებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი ხვალინდელი დღე იქნება, როდესაც 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყანა გაირკვევა. საქართველოს მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობას გიორგი ნიჟარაძე მიიღებს.
ასამბლეის გახსნაზე საქართველო ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო და ქართული რაგბის წარმატებაზე, ასევე სოსო მათიაშვილის მიერ კანადასთან გატანილი ლელოს შესახებ ბევრი ისაუბრეს.
“წლევანდელ კონგრესზე უმთავრესი საკითხი 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნის გამოვლენაა, რომლის კენჭისყრაც 15 ნოემბერს გაიმართება და მასში ჩვენი მხრიდან გიორგი ნიჟარაძე მიიღებს მონაწილეობას. ამ საკითხთან მიმართებაში კულისებში აქტიური მუშაობაა გაჩაღებული.
“სხვა მხრივ კონგრესი დღის წესრიგს მიყვება, იხილება სამედიცინო და მაღალი მიღწევების საკითხები. კონგრესში მაღალი მიღწევების პროგრამებთან დაკავშირებით დისკუსია შედგა და ბაჩო ხურციძის გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა. საქართველოს მიმართ ყველა კეთილგანწყობილია, რაც საუბრებშიც იგრძნობა და დამოკიდებულებაშიც. კონგრესის გახსნის სიტყვაში მათიაშვილის ლელო მოიხსენიეს და მას დიდებული უწოდეს. რამდენჯერმე ახსენეს საქართველო და ხაზი გაესვა ქართული რაგბის პროგრესს” – გვიამბობს ასამბლეის მსვლელობის შესახებ გოჩა სვანიძე.
13 ნოემბერი ქართული დელეგაციისთვის და ზოგადად ქართული რაგბისთვის განსაკუთრებული იყო, რადგან კონგრესი ქართული რაგბის წინსვლითა და წარმატებებით დაინტერესდა.
საქართველო, როგორც წარმატებული სარაგბო ქვეყანა ჯგუფურ განხილვაზე მიიწვიეს. სესიის წარმდგენი ლეგენდარული ჯონ ჯეფრი იყო. განხილვაში მონაწილეობდნენ: “მსოფლიო რაგბის” ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო; “მსოფლიო რაგბის” საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანი; “მსოფლიო რაგბის” მაღალი მიღწევების გენერალური მენეჯერი პიტერ ჰორნი; სპორტული მენეჯმენტის დამოუკიდებელი სპეციალისტი და “მსოფლიო რაგბის” მაღალი მიღწევების კონსულტანტი აზიასა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში (იაპონია, ფიჯი, სამოა, ტონგა, კანადა და აშშ) მაიკ მაგოვერნი; ევრო-ატლანტიკურ რაგბის კავშირებში (საქართველო, რუმინეთი, პორტუგალია, ესპანეთი, რუსეთი, გერმანია, ნამიბია, ურუგვაი, ბრაზილია) “მსოფლიო რაგბის” დამოუკიდებელი კონსულტანტი სპორტული მეცნიერებისა და მაღალი მიღწევების განხრით დოქტორ ქელვინ მორისი, რომელიც წარსულში ბრიტანეთის ოლიმპიური ველორბოლის ნაკრების მაღალი მიღწევების დირექტორი, ასევე ინგლისისა და საქართველოს ნაკრებების ფიზმომზადების დირექტორი იყო; მაღალი მიღწევების მქონე კიდევ ერთი ქვეყნის, ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ოქონორი და საქართველოდან – ბაჩო ხურციძე.
“მსოფლიო რაგბი” მაღალი მიღწევების პროგრამებს, რომლის შედეგადაც უმჯობესდება ეროვნული და 20-წლამდე ნაკრებების თამაშის ხარისხი და შესაბამისად, შედეგები, სტრატეგიული ინვესტირებით 2006 წლიდან ფინანსდება. ჯგუფური განხილვისას საუბარი სწორედ ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ გაიმართა და საქართველო ამ დისკუსიაში პირველად მონაწილეობდა:
“საქართველო, როგორც წარმატებული სარაგბო ქვეყანა, მაღალი მიღწევების დისკუსიაში პირველად მონაწილეობდა. ეს იყო ქართული რაგბის, იმ შედეგების დაფასება, რასაც ეროვნულმა და 20-წლამდელთა ნაკრებმა ბოლო წლებში მიაღწია.
“ვისაუბრეთ იმ შედეგებზე, რაც “მსოფლიო რაგბის” მაღალი მიღწევების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად მივიღეთ და შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. მას შემდეგ, რაც სტრატეგიული ინვესტირების პროგრამაში მოვხვდით, საქართველო ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა მსოფლიო რაგბის მითითებებსა და რეკომენდაციებს. ხშირად გვსტუმრობდნენ მსოფლიო რაგბის ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებოდნენ მაღალი მიღწევების სივრცის დახვეწაში და ასეთმა მიდგომამ ეროვნული ნაკრებისა და 20-წლამდელების წარმატება განაპირობა.
“გამოსვლისას ავღნიშნე კერძო სექტორის და კონკრეტულად საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” განუზომელი ინვესტიცია, რომელიც დაგვეხმარა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა მსგავსი წარმატების მიღწევა. აუცილებელია, რომ მიღწეულზე არ შევჩერდეთ და ყველა მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ” – გვიამბობს ბაჩო ხურციძე, მაღალი მიღწევების დირექტორი, რაც ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების მიღწევებს, ასევე სპორტული მედიცინისა და სპორტული მეცნიერების განვითარებას, მაღალი დონის მწვრთნელებისა და მსაჯების მომზადებას მოიცავს.
შეხვედრის მონაწილეები განსაკუთრებით საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატით დაინტერესდნენ და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, ჩვენმა ქვეყანამ დასახულ ამოცანას კარგად გაართვა თავი და აქამდე ჩატარებულ ჩემპიონატებს შორის, საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო:
“ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველოში გამართული 20-წლამდელთა ჩემპიონატი იყო ძალიან წარმატებული და ითქვა, რომ ამ გამოცდილების ფონზე, საქართველო მზადაა უმასპინძლოს სხვა მაღალი დონის ტურნირებს. ჩემპიონატი წარმატებული იყო არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ სხვა მიმართულებითაც. საქართველოზე, როგორც სარაგბო ქვეყანაზე, მსოფლიოს დაახლოებით მილიარდმა ადამიანმა გაიგო და ეს იყო ამ ტურნირის მასპინძლობის უაღრესად პოზიტიური შედეგი.
“ცალკე აღინიშნა სპორტული შედეგი, რომლის შედეგადაც უმცროსი ბორჯღალოსნები ზედიზედ მესამედ ითამაშებენ მსოფლიო რაგბის 12-გუნდა ელიტაში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ამ გუნდის მწვრთნელები ქართველები არიან, რომლებმაც კვალიფიკაცია სწორედ მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების პროგრამის ფარგლებში აიმაღლეს”.
თავის მხრივ, ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა იმ პროექტზე, რომლის შედეგადაც ამ ქვეყნის ფრანჩიზი ავსტრალიის ჩემპიონატში ჩაერთო.
შეხვედრის მონაწილეებს არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტნმა, აგუსტინ პიშომ მიმართა და ის გზა გაიხსენა, რომელიც მისმა ქვეყანამ დღევანდელ რეალობამდე და უდიდეს მიღწევებამდე გაიარა. მან ისაუბრა წარმატების არგენტინულ ფორმულაზე, რომლის შედეგად ცოტა ხნის წინ მეორე ეშელონის გუნდად მიჩნეული არგენტინა, პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებად იქცა.
ქელვინ მორისმა ისაუბრა პირველი და მეორე ეშელონის ნაკრებების დონეთა დაახლოების გზებზე და აღინიშნა, რომ კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს თამაშების რაოდენობა, რათა მეორე ეშელონის ქვეყნებმა იმავე ინტენსივობითა და ხარისხით შეძლონ თამაში. მორისის თქმით, ამ შემთხვევაში სავსებით რეალურია გუნდებს შორის არსებული ნიშის დახურვა და დონის გათანაბრება.
საუბარი შეეხო მოთამაშეთა კეთილდღეობას, სპორტული მედიცინისა და სპორტული მეცნიერების განვითარების აუცილებლობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია მაღალი დონის მიღწევებისთვის.
Rugby.Ge