“მსოფლიო რაგბის” სამედიცინო კონფერენცია
‘მსოფლიო რაგბის’ პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა და მთავარმა ექიმმა მარტინ რაფტერმა, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მოთამაშეთა უსაფართხოებისა და სამედიცინო მომსახურების საუკეთრესოდ ორგანიზებისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.
მსოფლიო რაგბის სამედიცინო კონფერენცია წინა კვირას ლონდონში გაიმართა და მას ყველა მოწინავე სარაგბო ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი, ან მოთამაშეთა კეთილდღეობის კოორდინატორი ესწრებოდა. მათ შორის იყო საქართველოს რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის პროგრამების კოორდინატორი, ვეტერანი ბორჯღალოსანი ნონო ანდღულაძე.
კონფერენციის პირველი დღე 2017 წელს ჩატარებული ტურნირების შეფასებას დაეთმო (სამედიცინო კუთხით), წარმოდგენილი იყო ტრავმების სტატისტიკა. დიდი ყურადღება დაეთმო მოთამაშეთა უსაფრთხოების კუთხით ჩატარებულ სამუშაოებს. საქართველოში გამართულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პრეზენტაცია ტურნირის სამედიცინო დირექტორმა, პიტერ გრაიმმა გააკეთა, რომელიც წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში და ანდღულაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა სამედიცინო გადამზადებას.
20-წლამდელთა ჩემპიონატამდე სამედიცინო გადამზადება რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ტურნირისთვის მზადებაში ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი დავით სერგეენკო, ‘ევექსის ქსელი’, ‘გადაუდებელი სამედიცინო დახმარება’, სპორტული მედიცინის ცენტრისა და რაგბის ეროვნული აკადემიის ექიმების სრული პერსონალი.
“სასიამოვნოა, რომ წელს ჩატარებული ტურნირებიდან, სამედიცინო და მოთამაშეთა უსაფრთხოების კუთხით საქართველოში გამართული 20-წლამდელთა ჩემპიონატი გამორჩეული იყო. აქამდე ჩატარებულ 20-წლამდელთა ჩემპიონატებს შორის, საქართველომ ამ მიმართულებითაც უმაღლესი შეფასება მიიღო. ბილ ბომონტმა და მარტინ რაფტერმა პირადად გადაგვიხადეს მადლობა მაღალი ორგანიზებისთვის და გვითხრეს, რომ ყველა მონაწილე
გუნდისგან საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო” – ამბობს ნონო ანდღულაძე და იმ დეტალებს გვიხსნის, რაც ‘მსოფლიო რაგბს’ და ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს განსაკუთრებით მოეწონათ:
“ყველაზე მეტად ჩვენს მიერ აწყობილი სისტემა მოეწონათ, რომელიც მაქსიმალურად იყო გამარტივებული. ყველა გუნდს მიმაგრებული ყავდა მენეჯერი, ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, მხოლოდ ერთ ნომერზე იყო საჭირო დარეკვა, ძალიან კარგად იმუშავა ‘ევექსმა’ და ‘გადაუდებელი სამედიცინო დახმარების’ ავტომობილებმა, რომელთაც გადაადგილების მხრივ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. მოთამაშეებს არ უწევდათ რიგებში დგომა და კვლევების პასუხები უმოკლეს დროსი მოდიოდა. გარდა ამისა, ეს იყო პირველი ტურნირი, სადაც მოთამაშეთა მოედნიდან გამოყვანაზე სპეციალური, ჩვეს მიერ გადამზადებული ჯგუფები მუშაობდა და ეს ეფექტური იყო”.
მეორე დღე ტრავმების პრევენციას დაეთმო. ‘მსოფლიო რაგბი’ დიდ ყურადღებას უთმობს ტვინის შერყევის მართვას და ზოგადად მოთამაშეთა უსაფრთხოებას. შეჩერებას არც საქართველო აპირებს და სამედიცინო გადამზადების პროგრამები გაგრძელდება, რათა საქართველოში გამართულ ყველა ტურნირზე – დიდი 10-იდან დაწყებული ფესტივალებით დამთავრებული, მოთამაშეთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
Rugby.Ge