მსოფლიო რაგბის ‘წლის აღმოჩენის’ ჯილდოს ნომინანტები
მსოფლიო რაგბმა ახალი ჯილდო, ‘წლის აღმოჩენა’ დააწესა და 2015 წლის მსოფლიო თასის დებიუტანტ მორაგბეთაგან ნომინანტები დაასახელა. ნომინაციაში გამარჯვებული 1 ნოემბერს, თქვიქენჰემზე, მსოფლიო რაგბის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე გამოვლინდება.
წლევანდელ მსოფლიო თასზე ბევრმა ახალგაზრდა მორაგბემ გამოიჩინა თავი და თითოეულ მატჩზე საკუთარი კვალი დატოვა. ამ პრესტიჟულ ნომინაციაზე სამი მორაგბეა წარდგენილი – შოტლანდიელი შუამარბი მარქ ბენეთი, ახალ ზელანდიელი ფრთის მოთამაშე ნეჰე მილნერ-სქადერი და ბორჯღალოსანთა ცხრა ნომერი, ვასილ ლობჟანიძე.
ნომინანტებზე ავსტრალიელთა ლეგენდამ, 1999 მსოფლიო თასის გამარჯვებულმა ჯორჯ გრეგანმა განაცხადა: „სამივე ნომინანტი წლევანდელ მსოფლიო თასზე სხვადასხვა კუთხით გამოირჩეოდა. მათი დებიუტი არაჩვეულებრივად შედგა და უდიდესია თითოეული მათგანის წვლილი იმაში, თუ როგორ წარდგნენ მათი გუნდები ამ მსოფლიოზე.
„სამივე მათგანი დაწესებული ჯილდოს ღირსეული კანდიდატია, მაგრამ სამწუხაროდ გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ სამივე მორაგბეს ძალიან წარმატებული მომავალი აქვთ – არა მხოლოდ საკუთარ გუნდებში და ქვეყნებში, არამედ ზოგადად მსოფლიო რაგბში. მოუთმენლად ველი მათი კარიერის განვითარებას.“
ამ ახალი ჯილდოს კრიტერიუმების მიხედვით, ნომინანტს უმაღლეს სანაკრებო დონეზე 1 წელზე მეტ ხანს არ უნდა ეთამაშათ. ნომინანტები დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრებიც არიან: ვოლაბთა ყოფილი ცხრა ნომერი ჯორჯ გრეგანი, პუმების ყოფილი კაპიტანი ფილიპე კონტიპომი, სპორტული ჟურნალისტები სტეფან ჯოუნზი, სარა მოკფორდი და ჯიმ კეისი.
‘წლის აღმოჩენის’ ნომინანტები ‘მსოფლიო რაგბის’ მიხედვით
ვასილ ლობჟანიძე
ყველაზე ახალგაზრდა 9 ნომერს ტესტ დებიუტი 2015 წლის ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატზე 7 თებერვალს გერმანიის წინააღდეგ ჰქონდა და ძალიან მალე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ბორჯღალოსანთა რიგებში. მისი სახელი მსოფლიო თასის ისტორიაში მაშინ ჩარიწერა, როდესაც ‘ც’ ჯგუფის პირველ მატჩში საქართველო ტონგას დაუპირისპირდა და 18 წლის მორაგბე ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბის სახელით შევიდა. ლობჟანიძემ ჯგუფის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მათ შორის მისი დიდი ძალიასხმევით ბორჯღალოსნებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობისუფლება საკვალიფიკაციოს გარეშე მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ლობჯღანიძემ პირველი აღიარება 4 თვით ადრე, მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფაზე საუცხოო თამაშითა და მოგებით მოიპოვა.
მარქ ბენეთი
საუცხოო შუამარბი, რომლის ტესტ დებიუტიც გასულ ნოემბერს არგენტინის წინააღმდეგ შედგა, მანამდე კი შოტლანდიის ასაკობრივ ნაკრებში და 7-კაცაში ასპარეზობდა. იმ 5 მორაგბეთაგან ერთ-ერთია, რომელიც 2015 წლის 6 ერის გათამაშებაში ყველა მატჩის სასტარტო 15-ეულში იყო. 2015 წლის მსოფლიო თასის შეკრებამდე ცოტა ხნით ადრე ბენეტმა მხრის ტრავმის მოშუშება მოასწრო და ნაკრებს შეუერთდა. იაპონიის წინააღმდეგ მოგებულ მატჩში გუნდს 2- ჯერ მოუტანა ქულა და ერთხელაც ავსტრალიის წინააღმდეგ დააწინაურა შოტლანდია.
ნეჰე მილნერ-სქადერი
მისი ‘სუპერ რაგბის’ დებიუტი წელს ‘ჰარიქეინზის’ შემადგენლობაში შედგა, რა დროსაც მის ბავშვობის კუმირ, ქრიშჩიან ქალენს ადარებდნენ. ამით მან ოლ ბლექსის სელექტორთა ყურადღება დაიმსახურა და ‘რაგბი ჩემფიონშიპში’ მის სადებიუტო მატჩში ავსტრალია ორჯერ დაალელოვა. 24 წლის ოლ ბლექი მსოფლიოზე 5 მატჩის სასტარტოში აღმოჩნდა – ტონგასა და ნამიბიას ორ-ორჯერ დაუმიწა ლელოში, ხოლო საფრანგეთს ერთხელ.
Rugby.GE