მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაცია: ჩვენი ქვეჯგუფის მიმოხილვა (ვიდეო)
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ქვეჯგუფში მე-5 ტურის მატჩები გაიმართა.
“ავივაზე” ირლანდიის ნაკრებმა უელსი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიმდინარეობისას ბურთის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის 69-ე წუთზე სტუმრები მოედანზე ათი კაცით დარჩნენ. ნილ ტეილორმა სიმუს კოულმენის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და ამ უკანასკნელს ფეხი მოსტეხა, რისთვისაც პირდაპირ წითელი ბარათით დაისაჯა.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. V ტური
ირლანდია — უელსი 0:0 (0:0)
გაძევება: ნილ ტეილორი 69′.
ვენაში ავსტრიის ნაკრებმა მოლდოვას უმასპინძლა. მასპინძელთა დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია. ავსტრიელებმა გოლები მატჩის ბოლო 15 წუთში გაიტანეს. შეხვედრის 75-ე წუთზე მასპინძლები მარკო არნაუტოვიჩმა დააწინაურა, ხოლო 90-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მარტინ ჰარნიკმა ანგარიშში სხვაობა გაზარდა – 2:0.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. V ტური
ავსტრია — მოლდოვა 2:0 (0:0)
გოლები: არნაუტოვიჩი 75′, ჰარნიკი 90′.
“დინამო არენაზე” საქართველოს ნაკრებმა სერბეთის ეროვნული გუნდი მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა დაწინაურება შეხვედრის დებიუტშივე მოახერხა. ალექსანდარ კოლაროვის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად მეკარესთან ერთი ერთზე დარჩენილმა ნიკა კაჭარავამ შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:0. ტაიმის მიწურულს გაშვებულ გოლს ვერ გადავურჩით. საჯარიმოში შეჭრილი ფილიპ კოსტიჩი ოთარ კაკაბაძემ აკრძალული ხერხით შეაჩერა და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. დუშან ტადიჩმა პენალტი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა – 1:1. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. 64-ე წუთზე სერბები დაწინაურდნენ: მოედნის შუაგულში მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ საგოლე ეპიზოდი ტადიჩმა განავითარა, რომელმაც საჯარიმოს წინ უყურადღებოდ დარჩენილი მიტროვიჩი მოძებნა, ამ უკანასკნელმა ბურთი გაისწორა და საგოლე დაარტყა – 1:2. 86-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მიატ გაჩინოვიჩმა, რომელმაც პირველი სანაკრებო მატჩი ჩაატარა, გიორგი ლორიას კარში მესამე გოლიც გაიტანა და ინტრიგა საბოლოოდ მოკლა – 1:3.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. V ტური
საქართველო – სერბეთი 1:3 (1:1)
გოლები: კაჭარავა 6′ – ტადიჩი 45′ (პენ), მიტროვიჩი 64′, გაჩინოვიჩი 86′.