მსოფლიოსთან ერთად ქართველი მორაგბეები ირბენენ
ქართველი მორაგბეები სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და უნიკალურ ღონისძიებას Wings for Life World Run-ს უერთდებიან. Wings for Life World Run 2014 წლის 4 მაისს გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.
4 მაისს საქართველოს დროით 14:00 საათზე 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასი ათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას. ამ დროს კალიფორნიაში დილის 3 საათი, ტაივანში საღამოს 6 საათი, ავსტრალიაში და ტოკიოში კი დილის 4 საათი იქნება.
Wings for Life World Run- ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომარ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს – 20 კმ/ს – 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.
„მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია – როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს (ასაკი 18+). საქართველოში მონაწილეების სავარაუდო რაოდენობაა – 2000-3000, მსოფლიოში კი 200 000-ზე მეტი მორბენალი.
საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი, სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი, ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, სერგი გვარჯალაძე, სამორი ბალდე, დავით ქაცარავა, ნიკა გრიგოლია.
4 მაისი 14:00 – საქართველო, კახეთი, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით „ფინიშ მანქანის“ დაწევამდე
მსოფლიო რბენის შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ისინი აღიარებულნი იქნებიან Wings for Life World Run-ის გლობალურ ჩემპიონებად და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს ეტაპის 2 გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევს.
მონაწილეებს შორის იქნებიან: სერფინგის ვარსკვლავი Robby Naish, ფორმულა ერთის ლეგენდარული მძღოლები Sebastian Vettel, David Coulthard და Eddie Jordan, მოთხილამურე Luc Alphand, ტრიატლონელი Marc Herremans, მორბენალი Sabrina Mockenhaupt და სხვა ცნობილი სპორტსმენები – Wings for Life World Run-ის კეთილი ნების ელჩები მთელი მსოფლიოდან.
ღონისძიებიდან შემოსული სრული თანხა გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.
მონაწილეობის საფასურია 20 (ოცი) ლარი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზეwww.wingsforlifeworldrun.com 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.
Rugby.GE