მჭედლიძე: “თუ თავი ვერ გამოვიჩინე, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია”
იტალიური “ემპოლის” ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე აცხადებს, რომ თუ წელს თავის გამოჩენას ვერ ახერხებს, ეს მხოლოდ მისი ბრალია.
შეგახსენებთ, რომ 2014-2015 წლების სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა “ემპოლის” ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე მატჩი ჩაატარა. მჭედლიძეს, ძირითადად, თამაშში ჩართვა სათადარიგოთა სკამიდან უწევდა. ტანმაღალმა შემტევმა სეზონის განმავლობაში ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა – 2014 წლის 3 დეკემბერს მან “ჯენოას” კარში ეფექტური გოლი გაიტანა.
“გასულ წლებში ბევრი ფიზიკური პრობლემა მქონდა, სათამაშო პრაქტიკაც მაკლდა. ამ სეზონში კი, თუ თავი ვერ გამოვიჩინე, ეს მხოლოდ ჩემს თავს უნდა დავაბრალო. ახლა უფრო მეტს ვშრომობ და ვცდილობ, ჩემი დადებითი თვისებები გამოვიყენო”, – ციტირებს მჭედლიძის სიტყვებს iltirreno.gelocal.it.
ცნობისთვის, 8 მარტს, იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ჯენოა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა რიგებში იყო და ის მოედანზე არ გამოჩენილა.