მჭედლიძემ შესაძლოა, “ინტერის” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს
ლევან მჭედლიძეს შესანიშნავი პერიოდი უდგას. იტალიური “ემპოლის” ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში უკვე 5 გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.
ბოლო მატჩში, რომელიც “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ტორინოს” წინააღმდეგ ჩაატარა, მჭედლიძემ პირველ ტაიმში დაზიანება მიიღო. ამის შემდეგ ბევრი დაიწერა, რომ ლევანი სერია ა-ს მომდევნო ტურში, მილანის “ინტერის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა.
Fanebi.Com-ი 26 წლის შემტევს დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხზე ჰკითხა.
“დაზიანება ნამდვილად მივიღე. პირველ ტაიმში ფეხი ძლიერად მომარტყეს, თუმცა თამაში მაინც გავაგრძელე.”
“შეხვედრის შემდეგ, ტკივილები გამიგრძელდა. სერიოზული არაფერია, თუმცა ჯერ ნამდვილად არაა გადაწყვეტილი, ვითამაშებ თუ არა “ინტერის” წინააღმდეგ. მაქსიმალურად ვეცდები, მილანელების წინააღმდეგ გუნდს დავეხმარო,” – განაცხადა ლევანმა.