მწარე რეალობა – ბელარუსთან მატჩი უმაყურებლოდ ჩაივლის?
საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში კორონავირუსის 300-მდე შემთხვევა გამოვლინდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება აიკრძალა, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. აღნიშნული აკრძალვა 9 ოქტომბრამდე მოქმედებს. გადაიდო ოქტომბერში ჩასატარებელი “თბილისობის” ღონისძიებების ციკლიც.
საქართველო – ბელარუსის შეხვედრა, თუ რაიმე კვლავ არ შეიცვალა, 8 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
უეფამ სექტემბერის მატჩებზე, ესტონეთისა და ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ გულშემატკივარი არ დაუშვა. ევროპაში ნელ-ნელა კორონალიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, სუპერთასის შეხვედრაში “ბაიერნსა” და “სევილიას” შორის სტადიონის 30% შეივსება და დიდწილად ეს თამაში იქნება განმსაზღვრელი უეფას შემდეგი ნაბიჯების, დაუშვას მაყურებელი თუ არა.
მიუხედავად უეფას გაცემული ნებართვისა, აუცილებელია საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურება მოხდეს და დღეში 50 შემთხვევას არ გადააჭარბოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაავადების კონტროლის ცენტრი გულშემატკივრის დაშვების უფლებას არ გასცემს.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, ბელარუსთან მატჩს გულშემატკივრთა მხოლოდ ნაწილი შეძლებს დასწრებას და არა სრული ნაწილი.
საუკეთესო შემთხვევაში, ბელარუსთან 10 000 გულშემატკივარი შევა “დინამო არენაზე”.