მწვრთნელთა PRO-ლიცენზია – მეორე დღე
მწვრთენლთა საგანმანათლებლო პროგრამის PRO-ლიცენზიის მაძიებლები სწავლების მეორე დღის პირველ ნაწილში ჯგუფურ სამუშაოებში ჩაერთნენ. ახალი ინსტიტუტის – ტუტორთა ჩართულობის პრაქტიკულ მიმდინარეობას აკვირდება უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტი გენადი სკურტული, რომელიც საქართველოში კვირის ბოლომდე დარჩება.
დღესვე, 20 ქართველი მწვრთნელი პრაქტიკულ სესიებში მიიღებს მონაწილეობას.
პროგრამის მეორე დღე კურსის ტუტორებმა შეაფასეს:
ოთარ გაბელია: “საქართველოში გამართული პრო-ლიცენზიის პირველი კურსი 15-მა მწვრთნელმა გავიარეთ. აღნიშნული პროგრამის საშუალებით უამრავ სიახლეს გავეცანი. მწვრთნელობა ისეთი პროფესიაა, რომელსაც ყოველდღიური სწავლა და განვითარება სჭირდება. ჩვენ 2 წლის უკან ავიღეთ ლიცენზია და მას შემდეგაც უამრავი ცვლილება მოხდა ფეხბურთში. პრო-ლიცენზიის მეორე კურსი პირველისგან განსხვავებულია და ის საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი სიახლე შევიტყოთ ჩვენი საქმიანობის შესახებ. ეს ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის შესანიშნავი შანსია. მადლობელი ვარ ფეხბურთის ფედერაციის, რომ უკვე მეორედ ტარდება მწვრთნელთა განათლების უმაღლესი ლიცენზიის კურსი. კურსის მონაწილეებს კი, წარმატებას და კარგი შედეგების ჩვენებას ვუსურვებ.“
გიორგი დევდარიანი: “მეტი კვალიფიციური და განათლებული მწვრთნელი პირდაპირპროპორციულად აისახება კლუბებისა და ზოგადად, ქართული ფეხბურთის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, წინა კურსთან შედარებით არის განსხვავებები. იმიტომ, რომ ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სფერო მწვრთნელთა განათლებაც ვითარდება და იხვეწება.“
თეიმურაზ შალამბერიძე: “ჩვენი მწვრთნელებისთვის და ზოგადად საქართველოსთვის ეს კურსები ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ქართული ფეხბურთი წინ წაიწევს და განათლებული მწვრთნელები გვეყოლება. ჩვენ პრო-ლიცენზიის კურსები გავლილი გვაქვს, მაგრამ ახალი კურსი განსხვავებული ფორმატით ტარდება. მართალია, სულ მეორე დღეა, რაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ განსხვავებები, რა თქმა უნდა, იგრძნობა. ამჯერად აქცენტი უფრო პრაქტიკულ სამუშაოზე კეთდება.”
Gff.Ge