მუხიანში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა (ვიდეო)
მუხიანში (მე-3 მიკრორაიონი) 175-ე საჯარო სკოლასთან, ძიუდოს განვითარების ფონდის მიერ რეაბილიტირებული ახალი დარბაზი გაიხსნა.
განახლებული დარბაზი 20 ოქტომბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა, თბილისის მერიის, ასევე სამინისტროსა და ფედერაციის წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა მოინახულეს.
დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა. ძველი ნაგებობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციას თბილისის მერიასა და საკრებულოსთან ზაფხულში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გადაეცა, რის შემდეგაც ფედერაციის სპონსორების “ზედაზენისა” და “PSP”-ს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ტერიტორიის გაწმენდითი და სამშენებლო სამუშაოები.
სამუშაოებში ძიუდოს ფედერაციასთან ერთად ჩართულნი იყვნენ მწვრთნელები, ძმები ხვიჩა, გოჩა და უჩა ხუციშვილები, მათი ოჯახის წევრები და მეგობრები.
ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, დღეისათვის, რეაბილიტირებულ დარბაზში უკვე 50-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს, რომლებსაც სწორედ ძმები ხუციშვილები ავარჯიშებენ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური