მუნდიალი-2014: ინტრიგა, ტენდენცია, მოლოდინი
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღე დარჩა. ტურნირის ფავორიტების შესახებ აქამდეც ბევრი მოსაზრება გამოითქვა და ამის შემდეგაც ბევრი გამოითქმება, თუმცა მუნდიალზე სხვა მრავალი დეტალიც იწვევს ინტერესს. განვიხილოთ რამდენიმე საინტერესო დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მუნდიალის მსვლელობის დროს.
ინტრიგა
მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობის გარკვევის გარდა, ტურნირს სხვა დამატებითი ინტრიგაც ახლავს თან. საინტერესოა, შეძლებს თუ არა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის დაბევებას. გერმანელ ფეხბურთელს ამ ტურნირზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია ბრაზილიელი რონალდოს მონაგარზე. კლოზემ გუშინწინ გერმანიის ნაკრების ფორმით რიგით 69-ე გოლი გაიტანა, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიროსლავ კლოზე მუნდიალს კარგი განწყობით ხვდება და რონალდოს რეკორდის გაუმჯობესებასაც შეეცდება.
ტენდენცია
ევროპული საკლუბო ფეხბურთის ბოლო ორ სეზონში ნათლად გამოჩნდა, რომ ტიკი-ტაკას ერა, „ბარსას“ სტილი წარსულს ბარდება. საკლუბო დონეზე უკვე ბევრი კლუბი და მწვრთნელი გაუმკლავდა „ბარსელონას“ ჩვეულ და „ბაიერნის“ განახლებულ მეთოდს. ტიკი-ტაკას მოძველების ტენდენცია სანაკრებო დონეზეც შეიმჩნევა. 2013 წლის კონფედერაციის თასზე ბოლომდე ვერ გაამართლა ამ მეთოდმა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა ესპანეთს სამი უპასუხო გოლი აგემა. საინტერესოა, გაგრძელდება მუნდიალზე ეს ტენდენცია?
მოლოდინი
განსაკუთრებული ყურადღება იგრძნობა ბელგიის ნაკრების მიმართ. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა გუნდის საშუალო ასაკი 25 წელია. ბელგიის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი სათამაშო ფორმის პიკზეა, თითქმის ყველა მოთამაშე წამყვან ევროპულ კლუბებში ასპარეზობს.
მეორე, შეუძლებელია, არ გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ბელგიელთა საშუალო სიმაღლე 1,87 სანტიმეტს უტოლდება(!) თუ რომელიმე მატჩი ბელგიელთა დამრიგებლის, მარკ ვილმოტსის სცენარით არ წარიმართა, ადვილი მისახვედრია, რა იქნება მათი გეგმა B…
მესამე, ბელგიის ნაკრებს შეტევის ხაზში ჰყავს ფანტასტიურად მოთამაშე რომელუ ლუკაკუ. დაახლოებით ერთი თვის წინათ მას 21 წელი შეუსრულდა, უმაღლეს დონეზე კი უკვე 83 (!) გატანილი გოლი აქვს. შედარებისთვის: ამ ასაკში ლეო მესის 61, კრიშტიანუ რონალდუს კი 66 ბურთი ჰქონდა გატანილი.
ბექა დოგრაშვილი