მუნდიალი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ – ვენგერი ახალ ფორმატს გვთავაზობს
ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, არსენ ვენგერი, მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატით ჩატარებას გვთავაზობს. ფრანგ სპეციალისტს მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ გამართვის იდეა ხიბლავს.
ვენგერის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევი მატჩების რაოდენობა ათიდან შვიდამდე უნდა შემცირდეს. ამასთან, ეს შეხვედრები 50 დღის ნაცვლად 28-დღიან პერიოდში უნდა შედგეს.
“ფეხბურთელები თავიანთ ნაკრებებს ოქტომბრის თვეში დაუბრუნდებიან და ერთი თვის შუალედში შესარჩევი ეტაპის შვიდ მატჩს ჩაატარებენ. ფინალური ეტაპი კი ივნისში გაიმართება. ეს ფეხბურთელებისთვის ნაკლებ მოგზაურობასა და ტრავმების რისკის შემცირებას ნიშნავს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება, 2027 წელს ევროპის ჩემპიონატი და სხვა ტურნირები გაიმართება. ერთი წლის შემდეგ კი კვლავაც მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება და ასე შემდეგ. მეტი მატჩი პლეი-ოფში და ნაკლები შესარჩევი ეტაპის შეხვედრები – სწორედ ეს სურთ გულშემატკივრებს,” – აცხადებს ვენგერი.