ავსტრიის ქალაქ ლინცში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა შედგა. დაძაბული დაპირისპირება უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავლი უპირატესობით წარიმართა. მომენტები როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ, თუმცა რეალურ საგოლე ეპიზოდებამდე საქმე არ მისულა. საქართველოს ნაკრები განსაკუთრებით ტაიმის შუაში გააქტიურდა, როდესაც ჯერ კობახიძეს, შემდეგ კი ყაზაიშვილს შეეძლოთ ბოიკოს კარის აღება, თუმცა ორივე შემთხვევაში ქართველებს სიზუზსტემ უმტყუნა.
მეორე ტაიმის დებიუტში ყაზაიშვილი-ჭანტურიას კომბინაციის შემდეგ გატანის რეალური შანსი ლევან ყენიას ჰონდა, თუმცა პრაღს “სლავიას” შემტევმა რამდენიმე მეტრიდან ბოიკოს ვერ გაუტანა. მალევე რეალური მომენტი უკრაინელებმა ვერ გამოიყენეს, როდესაც კრავეცმა ახლო მანძილიდან ააცილა, თუმცა რამდენიმე წამში დვალისა და ლორიას შეცდომის შემდეგ კრავეცმა გოლის გატანა მაინც შეძლო – 0:1.
გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მატჩის სადავეები დათმო და მალევე უკრაინელებმა მეორეც გაიტანეს. 67-ე წუთზე მოროზიუკის გადაცემით კონოპლიანკამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მატჩის ბოლოს ქართველები კვლავ გააქტიურდნენ და 81-ე წუთზე ლევან ყენიას გადაცემით მათე ვაწაძემ ეფექტური გოლით სხვაობის შემცირება შეძლო. მალევე ბოიკოს კარს ანანიძე და ჭანტურია ემუქრებოდნენ. პირველ შემთხვევაში ბურთი ბოიკომ მოიგერია, ხოლო მეორე დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. დარჩენილ წუთებში მოედანზე საინტერესო აღარაფერი მომხდარა და საკმაოდ თანაბარ შეხვედრაში, რომელშიც მეტოქეს არაფერი დავუთმეთ, მინიმალური სხვაობით დავმარცხდით…
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე (ალადაშვილი 71′), კაშია (სალუქვაძე 46′), დვალი, ამისულაშვილი(კ), ნავალოვსკი, ყაზაიშვილი (ვაწაძე 71′), კობახიძე, ოქრიაშვილი (ყენია 46′), ანანიძე, ცხადაძე (ჭანტურია 46′)
უკრაინა: ბოიკო, მორიზიუკი (ტიმოშუკი 46′), ხაჩერიდი, სტეფანენკო (რიბალკა 46′), გუსევი (შევჩუკი 46′), კონოპლიანკა (ოლინიკი 76′), სელეზნევი (კრავეცი 46′), როტანი, გარმაში (სიდორჩუკი 46′), რაკიცკი, კსონზი.