ნაგელსმანმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი “რეალის” გაწვრთნაზე
“რედ ბულ ლაიფციგის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ მადრიდის “რეალისგან” წინადადება მიიღო. შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანი სულ რაღაც 32 წლის გახლავთ.
“ნორმალურია, რომ როდესაც “რეალიდან” გირეკავენ, მათ წინადადებაზე ფიქრდები. თავიდან გაოცებული ვიყავი, შემდეგ ყველაფერი ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე, რომ მათთვის უარი მეთქვა.
მე ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, მინდა როგორც მწვრთნელი განვვითარდე. “რეალში” წასვლის შემთხვევაში კი ვერ გაიზრდები, იქ თუ მიდიხარ, უკვე საუკეთესო უნდა იყო. ახლა კი თავს საუკეთესოდ ნამდვილად არ ვთვლი.
თუ “რეალში” ან “ბარსელონაში” წახვალ, ფანები და მედიის წარმომადგენლები საშუალებას არ მოგცემენ რომ წინ გადადგა ნაბიჯი, მათ მხოლოდ გამარჯვებებისა და ტიტულების ხილვა სურთ.
თუ გამარჯვებას ვერ შეძლებ, ვერ იტყვი რომ ახალგაზრდა ხარ და ჯერ კიდევ იზრდები. ფეხბურთში კარიერის დაგეგმვა ადვილი ნამდვილად არაა, ძალიან ბევრი არაპროგნოზირებადი რამ შეიძლება მოხდეს.
მთავარია სწორი ნაბიჯები გადადგა. “რეალში” გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომაც ვფიქრობდი, რა უნდა გავაკეთო შემდეგ?
კიდევ ერთი შემაფერხებელ ფაქტორს ჩემთვის ენა წარმოადგენს. კომუნიკაცია ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ჩემ ფეხბურთელებთან ძალიან ემოციური ვარ. ჯერ ესპანური არ ვიცი, მხოლოდ ‘hola, que tal’-ის თქმა შემიძლია. ეს უდიდესი ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა არა – სწორი,” – აცხადებს ნაგელსმანი.