ნაკრებმა პირველი ტესტ-მატჩი მოიგო
ეროვნული ჩემპიონატიდან მოწვეული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა პირველი ტესტ-მატჩი ცხინვალის “სპარაკთან” ჩაატარა და შეხვედრა ორბურთიანი უპირატესობით მოიგო.
მატჩი ორი 30 წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა და მონაწილეობის საშუალება განაცხადში მყოფ თითქმის ყველა მოთამაშეს მიეცა.
პირველი ნახევარი ნაკრების უპირატესობით წარიმართა, თუმცა, “მესხზე” შეკრებილმა მცირერიცხოვანმა მაყურებელმა გოლი ვერ იხილა. ნაკრების შემადგენლობაში გიორგი პაპუნაშვილი გამოირჩეოდა. რამდენიმე სახიფათო მომენტი სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა. მომენტი დოლიძესაც შეექმნა.
მეორე ტაიმი გველესიანის მომენტით გაიხსნა. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე “დინამოს” მცველმა ყველას დაასწრო და ბურთი თავით კარისკენ გადაგზავნა. “სპარტაკის” მეკარემ სოსლან ნანიევმა იყოჩაღა და ბურთი მოიგერია. თუმცა, შემდეგ ეპიზოდში ნანიევმა საკუთარი გუნდი ვეღარ გადაარჩინა. დასარტყმელ პოზიციაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილ პარუნაშვილს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. მალევე ნაკრებმა მეორე გოლიც გაიტანა. ჯიღაურის დარტყმულზე ნანიევმა დამაჯერებლად ვერ ითამაშა და დამატებაზე ყველას თედორე გრიგალაშვილმა დაასწრო, რომელმაც საბოლოო ანგარიში – 2:0 დააფიქსირა.
გატანის შანსი “სპარტაკსაც” ჰქონდა. თუმცა, ლექვთაძე-შინდაგორიძის კომბინაციის შემდეგ ქვილითაიამ დამაჯერებლად ითამაშა.
მომდევნო ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები ხვალ, ბოლნისის “სიონთან” გამართავს.
საქართველო 2:0 სპარტაკი
გოლები: პარუნაშვილი, თ.გრიგალაშვილი.
საქართველო: მიგინეიშვილი, ღონღაძე, გველესიანი, გრიგალაშვილი, ფოფხაძე, ცინცა, ძარია, პაპავა, პაპუნაშვილი, დოლიძე, გაბედავა.
შეცვლაზე შევიდნენ: ჭანტურია, ჯიღაური, პარუნაშვილი, შარიქაძე, ჭანტურიშვილი, ჩირგაძე, ქვილითაია.
სპარტაკი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, მუმლაძე, მაქაცარია, ბურძენაძე, თექთურმანიძე, ივანიშვილი, მერებაშვილი, მახარობლიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ნანიევი, ჭეჭელაშვილი, შენგელია, ლექვთაძე, ქემოკლიძე, კემუხტაშვილი, ფოცხვერია, სეფიაშვილი, შინდაგორიძე.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები