“ნაპოლის” პრეზიდენტს ჩემპიონთა ლიგის გაუქმება სურს
“ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ჩემპიონთა ლიგასა და იტალიის სერია A-სთან დაკავშირებით რადიკალური იდეები აქვს. მისი თქმით, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ახალი ლიგით უნდა ჩანაცვლდეს, ხოლო სერია A-ში გუნდების რაოდენობა უნდა შემცირდეს.
“ჩემპიონთა ლიგას გავაუქმებდი და შევქმნიდი ოცგუნდიან ევროპულ ტურნირს, რომლის მატჩებიც ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს ჩატარდებოდა. შაბათ-კვირას შიდა ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართებოდა. ყოველთვის მხარს ვუჭერდი ევროპულ საკლუბო ლიგას შიდა ტურნირების პარალელურად.
სერია A-ში ოცი გუნდი საკმაოდ ბევრია. მე და რომის “ლაციოს” პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს გუნდების რაოდენობის შემცირება გვსურს, თუმცა ის 18-მდე, მე კი 16-მდე შემცირების ინიციატივით გამოვდივარ, როგორც იყო 1986 წელს. სწორედ იმ დროის სისტემას უნდა დავუბრუნდეთ”, – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Football Italia.