ნეიმარი ბრაზილიაში ტუხელის დაუკითხავად წავიდა
“პარი სენ-ჟერმენმა” ხუთშაბათს მიმდინარე სეზონში ბოლო ვარჯიში გამართა. პარიზელები დღეს, 24 მაისს ლიგა 1-ის ბოლო ტურში სტუმრად “რეიმსის” წინააღმდეგ ითამაშებენ.
“პარი სენ-ჟერმენის” გუშინდელ ვარჯიშზე არ გამოჩენილა ნეიმარი. ფრანგული გამოცემა Le Parisien იუწყება, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა.
ნეიმარის არყოფნის გამო, ჟურნალისტებმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს შეკითხვა დაუსვეს. გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ მას ბრაზილიელი თავდამსხმელისათვის წასვლის ნებართვა არ მიუცია.
“ნეიმარი მე არ გამითავისუფლებია, ეს სპორტული გადაწყვეტილება არ ყოფილა”, – თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებს შეუერთდა და მოახლოებული კოპა ამერიკისათვის მზადება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი სტარტს 14 ივნისს აიღებს.